თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს დიპლომატიური ურთიერთობები არ არის, რაც უახლოეს მომავალში უნდა შეიცვალოს, მიიჩნევს პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.
რუსეთმა 2023 წლის მაისის შუა რიცხვებში საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე გააუქმა 2019 წლიდან დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსა და რუსეთს შორის.
„ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, კონტაქტები უმაღლეს დონეზე, მაგრამ, ალბათ, მოვა დრო და ეს ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელი ნაწილი გახდება", – განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტოლოგის აზრით, მსოფლიოს ახალი წესრიგი მხოლოდ წაადგება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს.
„ბოლო დროს ურთიერთობებში იგრძნობა დათბობა, მაგალითად, ავიამიმოსვლის აღდგენა, და ეს სასიამოვნოა. მგონია, რომ რაც იყო ჩვენ ქვეყნებს შორის, ეს არაა ნორმალური, და ამაში ორივე ქვეყანაა დამნაშავე", – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
როგორც კიკნაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების აღდგენის პროცესი გზაზე სერიოზულ ბარიერებს აწყდება, მთლიანობაში ის სწორად, დადებით კალაპოტში ვითარდება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ მეზობელთან ურთიერთობების დათბობას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დადებითად აფასებს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები იყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა.