თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე არსებული ხიდის სავალი ნაწილის დაზიანების გამო ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შემთხვევა 3 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ამ დროისათვის ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა.
„ძლიერი წვიმის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის 0კმ+400 მონაკვეთზე შეკვეთილში მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზაზე.