დაივიწყეთ დანა-ჩანგალი: დასახელდა ხელით ჭამის სარგებელი

Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც გასტრონომია ათეული წლების განმავლობაში იყო კონცენტრირებული მხოლოდ კერძის დიზაინსა და გემოზე და საერთოდ არ ამახვილებდა ყურადღებას ჭამის მეთოდზე, მეცნიერებმა კვლევების ჩატარება დაიწყეს იმის დასამტკიცებლად, რომ დანა-ჩანგლისა თუ კოვზების გამოყენება არა მარტო ხელს უშლის საკვების გემოს აღქმას, არამედ უფრო ნაკლებად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ხელით ჭამა.
აღსანიშნავია, რომ ხელით ჭამის კულტურა სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. გამოცემა Daily Mail-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების მეოთხედი უარს ამბობს დანა-ჩანგლის გამოყენებაზე, ვინაიდან ხელით ჭამა, გარდა იმისა, რომ კომფორტულია, ამ დროს საკვები უფრო გემრიელია.

რატომ უნდა ვჭამოთ ხელით?

სპეციალისტების თქმით, ადამიანი ხელით ჭამისას უფრო კარგად აცნობიერებს საკვების ტექსტურას, გემოსა და არომატს, და უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე კოვზით ჭამა.
ეს შესაძლოა მოულოდნელი დასკვნაა, მაგრამ სხვადასხვა გამოცემებში გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევები ადასტურებს ამ მოსაზრებას.
სპეციალისტების თქმით, ხელით ჭამა:
აძლიერებს იმუნურ სისტემას — როგორც ცნობილია, ადამიანის ხელებზე, პირის ღრუში, ყელსა თუ ნაწლავებში უამრავი „მეგობარი“ ბაქტერია ბინადრობს. როდესაც ხელით ვჭამთ, მეგობრული ფლორა მავნე პათოგენებისა და ინფექციებისგან გვიცავს და ამავდროულად ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ უმთავრესი წესი — ყოველთვის დავიბანოთ ხელები ჭამის წინ და მის შემდეგ.
ხელს უწყობს წონის დაკლებას — ჟურნალ Appetite-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხელით ჭამის შემთხვევაში ადამიანი უფრო დიდხანს გრძნობს სიმაძღრეს, ვიდრე დანა-ჩანგლით ჭამისას.
ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთის კითხვის ან ტელევიზორის ყურებისას ხელით ჭამდნენ, წახემსებისას უფრო მსუბუქ საჭმელს ირჩევდნენ, ვინაიდან შიმშილს ნაკლებად გრძნობდნენ. ამიტომ სწავლულებმა დაასკვენს, რომ ეს მეთოდი ზედმეტი ჭამის რისკს ამცირებს და ადამიანს ოპტიმალური წონის შენარჩუნებაში ეხმარება.
აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს — ჟურნალ Clinical Nutrition-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანები დანა-ჩანგლით უფრო სწრაფად ჭამენ, ვიდრე ხელით. სწრაფად ჭამა კი სისხლში შაქრის დონეზე ახდენს გავლენას — ჯანმრთელ ადამიანებშიც კი. მეცნიერების დასკვნით, ხელით ჭამისას ადამიანი კვების ტემპს ანელებს, რაც სისხლში შაქრის დონის გაზრდის რისკს აქვეითებს.
წყარო: Aljazeera