თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვიდეოკოლაჟმა გაიმარჯვა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანის კორპორაციული მედიისა და ტელევიზიის ფესტივალი 2010 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად იმართება. ფესტივალზე კორპორაციული ფილმები, ონლაინ მედიაპროდუქცია, დოკუმენტური ფილმები, კლიპები და სარეკლამო ვიდეორგოლებია წარმოდგენილი.
უწყების ცნობით, 2022 წლის ტურისტული კამპანიისთვის 3 ვიდეორგოლი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით Bloomberg-მა მოამზადა. ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27-28 ოქტომბერს საფრანგეთში, კანში გაიმართება.
„კანის წლევანდელ ფესტივალზე ტურისტულ მიმართულებებს შორის საუკეთესო ვიდეოკოლაჟად Bloomberg-ის Glimpses of Georgia დასახელდა", – ნათქვამია განცხადებაში.
გავლენიან საერთაშორისო პლატფორმა Bloomberg-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წლიდან თანამშრომლობს, რის ფარგლებშიც მომზადდა სტატიები და ვიდეორგოლები საქართველოს ბუნების, თავგადასავლების, კულტურის, ღამის ცხოვრების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. კამპანია სხვადასხვა სოციალურ არხებსა („ფეისბუქი", „ისტაგრამი", „ტვიტერი", „ტიკ-ტოკი", „იუთუბი") და Bloomberg-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან თანამშრომლობას წელსაც აგრძელებს. კამპანია ივლისში დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება.