თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მზადაა დაბრუნდეს კორტებზე და მთელი დატვირთვით დაიწყო ვარჯიში. ამის შესახებ თავად ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ბასილაშვილს გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში იდაყვზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ივლისში ჰამბურგის ტურნირზე უნდა ეთამაშა, მაგრამ კვლავ ხელის ტკივილი იგრძნო. საჭირო გახდა ოპერაციის მესამედ ჩატარება.
„იდაყვის ტრავმა მოვიშუშე. ამჟამად თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ტურნირებზე თამაშს ერთი თვის შემდეგ დავიწყებ. ჩოგბურთის გარეშე ყოფნამ საშუალება მომცა, კარგ ფიზიკურ ფორმაში შევსულიყავი", – დაწერა ჩოგბურთელმა.
ბოლო შეხვედრა ბასილაშვილმა მიმდინარე წლის 22 მაისს გამართა, ხოლო ბოლოს 18 თებერვალს მოიგო.
თავისი კარიერის განმავლობაში ქართველმა ჩოგბურთელმა ATP-ს კატეგორიის ხუთი ტურნირი მოიგო. მისი საუკეთესო მაჩვენებელია მე-16 ადგილი.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში 396-ე ადგილს იკავებს.