Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები
კახეთის მთავარი ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავები XVII საუკუნეში აღესრულენენ მოწამეობრივად.
შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს., ათასობით ქართველi მშობლიური მიწიდან აყარეს სპარსეთში გადაასახლეს.
კახეთის მთავარმა, ბიძინა ჩოლოყაშვილმა არაგვისა და ქსნის ერისთავებთან ერთად თავს იდვა კახეთის გათავისუფლება თათართაგან.
ხანგრძლივი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ბიძინა ეახლა თავის მოყვარეს, არაგვის ერისთავს ზაალს და გულისნადები აუწყა. ზაალ ერისთავს მოიწონა განზრახვა და ქსნის ერისთავი ელიზბარიც მოიწვია შალვასთან ერთად. ბიძინამ კახეთისათვის თავსდატეხილ ჭირზე მოუთხრო ერისთავებს, აუხსნა მათ, რომ უმოკლეს ხანში ამგვარივე განსაცდელში ქართლიც შეიძლებოდა ჩავარდნილიყო და მოუწოდა, ერთად ებრძოლათ მომხდურთა წინააღმდეგ:
ბიძინა კარგად ხედავდა ქართველთა შესაძლებლობებს, მაგრამ, ღვთის ნებას მინდობილს და სამშობლოს გამოხსნის აუცილებლობაში დარწმუნებულს, სჯეროდა გამარჯვებისა.
არაგვის ერისთავმა მეამბოხეებს საიდუმლოდ მცირეოდენი რჩეული მხედრები მისცა, ხოლო ქსნის ერისთავებმა - ბიძა-ძმისწულმა - ქუდზე კაცს უხმეს. უმთვარო ღამეს მთა გადაიარეს, ახმეტას ჩავიდნენ და მოულოდნელად დაეცნენ თავს ბახტრიონის ციხეს, სადაც უზრუნველად დაბანაკებული იყვნენ თათრები.
იმავე დღეს, 1659 წლის ალავერდობის დღესასწაულზე მიუხდნენ ალავერდს მყოფ ყიზილბაშებს და ისე გაანადგურეს, რომ არდალანის სულთანმა სელიმ-ხანმა ძლივს მოასწრო გაქცევა, მიატოვა ცოლ-შვილი და სპარსეთს გაეშურა.
ქართველთა ძლევამოსილი მხედრობა მადლობას უხდიდა ღმერთს და ერის მფარველ წმიდა გიორგის.
თავისუფლად ამოისუნთქა კახეთმა, უზომოდ გახარებული თავს ევლებოდა თავის ერთგულ შვილებს... მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა სამშობლოს მხსნელი გმირების ნეტარება.
განრისხებულმა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, ვახტანგს, სპარსთაგან შაჰ-ნავაზად წოდებულს, უბრძანა, ქრისტეს ახოვანი მხედრები მასთან გაეგზავნა.
კახეთის მხსნელი გმირები უდრტვინველად გაემართნენ უკანასკნელ გზაზე. მათ იცოდნენ, რომ შაჰ-აბასისგან დანდობა არ ექნებოდათ, მაგრამ იცოდნენ ისიც, რომ დაყოვნება ქვეყანას ზიანს მოუტანდა.
ცბიერმა შაჰმა პატივით მიიღო ქართველი დიდებულები, მაგრამ შემდეგ სიმდიდრისა და პატივის საფასურად სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვა. ქართველებმა სპარსეთის მბრძანებელს არდალანის სულთნის პირით უარი შეუთვალეს ბევრს ეცადა არდალანის სულთანი, მაგრამ ვერავითარმა დაპირებამ ვერ მოხიბლა ქრისტეს ერთგული მსახურები. მაშინ შაჰის ბრძანებით კახეთის გმირები ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო შემდეგ დახოცეს.
წმიდა მოწამეთა გვამები მთელი დღე ღია ცის ქვეშ ეყარა და მიახლოებას ვერავინ ბედავდა. ღამით მათ ნათელი დაადგა. ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი.
მრავალი წლის შემდეგ შალვას მეუღლემ, ქეთევანმა და მისმა ძემ, დავითმა სარწმუნო კაცები წარგზავნეს წმიდანთა ნეშტის ჩამოსასვენებლად.
ქართლში ჩამოსვენებულ წმიდა ნაწილებს მრავალი მორწმუნე შეეგება თაყვანისცემითა და ამბორისყოფით. კახეთის მხსნელი გმირები პატივით და დიდებით დაკრძალეს იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.
ღირსი ევმენიოსი
ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ნეტარი მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.
წმიდა მოწამე არიადნა
წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ, როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო, ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს მხევალი შიგნით მიიმალა.
წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე
წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე კასტორი
წმიდა მოწამე კასტორი კერპთმსახურებმა შეიპყრეს და შიმშილით ამოხადეს სული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.