თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. 30 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მაღალი მოდის კვირეული დაიწყო, იუწყებიან ორგანიზატორები.
Georgia Couture Fashion Week არის საერთაშორისო პლატფორმა მაღალი მოდის დიზაინერებისთვის. პოდიუმზე ქართველი და უცხოელი დიზაინერების უახლეს კოლექციებს ადგილობრივი სტუმრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოსული მოდის მიმდევრები იხილავენ.
ორდღიან ღონისძიებაზე იქნება წარმოდგენილი ისეთი დიზაინერების შოუები, როგორებიცაა: ფატუნა (საქართველო), ლაშა ჯოხაძე (საქართველო), თინათინ ხოლიაშვილი (საქართველო), იოანა (საქართველო/საბერძნეთი), რუსლან ხვასტოვი (უკრაინა/შვეიცარია), ნატი რუდნიცკაია ( უკრაინა), ევგენი ხუდოროჟცოვი (მოლდოვა), აზამატ საინი (ყაზახეთი), კევორქ ნურ შადოიანი (სომხეთი).
აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს მასპინძელი სასტუმროს ფოიეში იმუშავებს შოურუმი, სადაც დიზაინერების მიერ შექმნილი აქსესუარების კოლექციები იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიების საერთაშორისო ფორმატიდან გამომდინარე, საპატიო სტუმრებად მოწვეულნი არიან აშშ-ის, ჩეხეთის, უკრაინის, ყაზახეთის, სომხეთისა და საბერძნეთის საელჩოების წარმომადგენლები.