თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პასპორტის წამკითხველი უახლესი მოწყობილობები განთავსდება, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით განხორციელდა.
უახლესი აღჭურვილობა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ერთდროულად გადაეცათ.
როგორც საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ აღნიშნა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მანამდეც არაერთხელ გაუწია დახმარება დეპარტამენტს მოდერნიზაციის მიმართულებით, „რაც ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის ადმინისტრირების პროცესში“.
„ყოველი ახალი მხარდაჭერა მაქსიმალურად შედეგიანია და ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გამოყენებული იქნება, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ისე კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობის გაუმჯობესების მიმართულებით“, — განაცხადა სიჭინავამ.
პასპორტის წამკითხველი ახალი მოწყობილობების გადაცემის ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მას ესწრებოდნენ ევროდელეგაციის წარმომადგენელი ევია კოტანი, IOM-ის საქართველოს ხელმძღვანელი სანია დასელებიჩ ლუკოვაკი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ასევე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და სხვები.