პრეზიდენტი რევოლუციური სცენარით მოქმედებს - ვოლსკი

პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა ოპოზიციასთან ნიშნავს, რომ პოზიციების შეთანხმება ხდება, აღნიშნა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, მისი საზღვარგარეთული მოგზაურობები და კონსტიტუციის დარღვევა „რადიკალური ოპოზიციის" რევოლუციურ სცენარს ემთხვევა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

„მთავარი, რაც გავიგეთ მისი მოგზაურობის შედეგებიდან, არის ის, რომ კიდევ ძალაშია რაღაც გაუგონარი ფორმულა, რომ კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას ეკუთვნის, მთავრობას კი – არა. ეს არის მინიშნება იმისკენ, რომ საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ თავისივე არჩეული მთავრობა მოიცილოს. ანუ, რევოლუციურ სცენარს ემთხვევა მისი ეს განცხადებები, ვოიაჟი და თავისთავად კონსტიტუციის დარღვევა", – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა ოპოზიციასთან ნიშნავს, რომ მათ შორის პოზიციების შეჯერება ხდება.
პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები 31 მარტს ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
„ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრემიერი: იმპიჩმენტი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ერთმანეთთან კავშირში არ არის>>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.