ნაწლავების კიბოს ამოცნობა ადრეულ სტადიაზევე შეიძლება: დასახელდა საეჭვო სიმპტომები

Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს სიმპტომები შეიძლება მაშინვე არ გამოჩნდეს, ან სხვა დაავადების ნიშნებში აგვერიოს, ნათქვამია ამერიკის ონკოლოგიის საზოგადოების საიტზე.
ექიმების თქმით, კოლორექტალური კიბოს ზოგი ნიშანი შეიძლება ისეთი დაავადებების სიმპტომებს ჰგავდეს, როგორებიცაა: ინფექცია, ჰემოროი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი სიმპტომები სულაც არ მიუთითებს კოლორექტალურ კიბოზე, ამერიკელი სწავლულების რჩევით, თუ ადამიანს რომელიმე ამ პრობლემათაგანი აწუხებს, აუცილებელია ექიმთან გადამოწმდეს, სინამდვილეში რა დაავადებასთან გვაქვს საქმე.
საყურადღებო სიმპტომებია:
ცვლილებები კუჭში გასვლის სიხშირესა და ხასიათში: დიარეა, შეკრულობა ან განავლის კონსისტენციის ცვლილებები, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება;
შეგრძნება, რომ კუჭში გასვლა გსურთ, თუმცა ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდეგ შეგრძნება არ ქრება;
რექტალური სისხლდენა მკვეთრად წითელი სისხლით;
სისხლიანი განავალი, რის გამოც ის შესაძლოა თითქმის შავი ფერის იყოს;
სპაზმური ტკივილები ან მუცლის ტკივილები;
სისუსტე და დაღლილობა;
წონაში კლება უმიზეზოდ.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო ხშირად არ ავლენს სიმპტომებს მანამ, სანამ სიმსივნე არ გაიზრდება, ამიტომ გამოკვლევის ჩატარება რაიმე აშკარა ნიშნის გამოვლენამდე ჯობს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ბევრად ადვილია და ეფექტური.
დაავადების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია რაციონში ბოსტნეულის, ხილისა და მთელმარცვლოვანი პროდუქტების ჩართვა, მოწევაზე უარის თქმა, წონის კონტროლი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის შეზღუდვა.