თბილისში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

გამოფენა, რომელიც დარგის წარმომადგენლებს გააერთიანებს, თბილისში ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, ExpoGeorgia-ს საგამოფენო ცენტრის პავილიონებში 17-19 ნოემბერს რიგით 21-ე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების გამოფენა Agro, Food, Drink, Tech Expo 2023 გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
გამოფენის მიზანს კვლავაც ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარების, ადგილობრივი მეწარმეების პოპულარიზაციისა და ტექნოლოგიური სიახლეების ქართულ ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ადგილობრივ თუ უცხოელ მონაწილეებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი პროდუქცია და სერვისები მომხმარებლებსა და ინვესტორებს, გაზარდონ ცნობადობა და შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს.
გამოფენის ფარგლებში მოეწყობა თემატური კონფერენციები და ვორკშოპები დონორებისა და სახელმწიფო თუ კერძო სექტორების ჩართულობით.