საქართველო „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსით“ შეფასდება

ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (International Institute for Management Development, IMD), რომელიც „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ ადგენს, ახალ რეიტინგში საქართველოსაც ჩართავს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) წარმომადგენელს არტურო ბრის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს ამ ინდექსში ჩართვას მოჰყვება.

„მისასალმებელია, რომ ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტი, როგორიც არის IMD, დაინტერესდა ჩვენთან თანამშრომლობით. მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო სხვა ავტორიტეტული რეიტინგების მსგავსად „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვითაც შეფასდება“, – განაცხადა თურნავამ.

ახალ რეიტინგში საქართველო ინფრასტრუქტურული, ინსტიტუციონალური და ეკონომიკური გარემოს შესაბამისად შეფასდება.
თურნავას თქმით, ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილი ეროვნული ბანკისა და მთლიანად საქართველოს საფინანსო სისტემის ღიაობითა და გამჭვირვალობით, გამართული და მდგრადი ფუნქციონირებითაა განპირობებული.
ინფორმაციის თანახმად, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ინსტიტუტის საქართველოთი დაინტერესება საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სწორი პოზიციონირებითა და სხვა ავტორიტეტულ რეიტინგებში წამყვანი პოზიციების დაკავებითაა გამოწვეული.
75 წლის წინ დაარსებული მართვის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (IMD) „მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსს“ სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ყოველწლიურად აქვეყნებს. იგი მოიცავს 63 ქვეყანას და აკეთებს მათი კონკურენტუნარიანობის ანალიზს დაახლოებით 260 კრიტერიუმის მიხედვით. კვლევა აფასებს სახელმწიფოს უნარს შექმნას კონკურენტული გარემო და ხელსაყრელი პირობები ბიზნესის წარმოებისთვის.