თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ არის დაკავშირებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მიუხედავად აკრძალვისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტის ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში ახალი ვიზიტების შესახებ გახდა ცნობილი.
„გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე უსაყვედურა ზურაბიშვილს ის, რომ მან ვერ დაარწმუნა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს.
„ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო... ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია“, – განაცხადა პრემიერმა.
2022 წლის ივნისში კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არის ქვეყნების კატეგორიები, რომლებიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნაწილია და რომლებიც განსხვავდებიან უსაფრთხოებისა და გეოპოლიტიკური მდგომარეობის კუთხით.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობრები არიან (ევროკავშირის), თუ ამას გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად შევხედავთ, დღეს ისინი იგივე მდგომარეობაში არ არიან“, – განაცხადა მაკრონმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა, მკაცრი რიტორიკის შეწყვეტა და პატივისცემის გამოხატვა პოლიტიკური შეთანხმებების მიმართ, კერძოდ, 2021 წლის 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
როგორც მმართველ პარტიაში ადრე განაცხადეს, „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.