მუსიკა - როგორც ყველაზე ადამიანური მოთხოვნილება

მის მიერ მომზადებული კომპოზიცია MTV-ს ფილიალის საიტზე მოხვდა.
Sputnik
მუსიკით ბავშვობაშივე დაინტერესდა. ჯერ თბილისის მეოთხე სამუსიკო სკოლა, ხელოვნების კოლეჯი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, შემდეგ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ისწავლა. მოგვიანებით, სხვადასხვა დროს ყველა საინტერესო შემოთავაზებას მევიოლინე, მუსიკათმცოდნე და ივენთების ორგანიზატორი ნინო შიუკაშვილი სიამოვნებით იღებდა. საპატრიარქოს ორკესტრში უკრავდა და იმ პერიოდში ფართომასშტაბიან კონცერტებშიც აქტიურად იყო ჩართული. ორი წლის განმავლობაში ევგენი მიქელაძის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში, ბათუმის სიმფონიურ ორკესტრსა და ბათუმის ოპერაში უკრავდა. იმავე პერიოდში „ტიფლის პალასში“, ფუნიკულიორზე და სასტუმრო „რედისონში“ გამოდიოდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში კონცერტების ორგანიზატორიც იყო. ერთი პერიოდი ჯგუფ „სინათლის წელიწადის“ ახალგაზრდულ ორკესტრში უკრავდა. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.
ნინო შიუკაშვილი
- ქალბატონო ნინო, მუსიკალურ ოჯახში აღიზარდეთ და ალბათ თქვენი პროფესიის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორიც ეს იყო...
- მე მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ამდენად, უკვე გადაწყვეტილიც ჰქონდათ, განსაკუთრებით მამას, რომ ვიოლინოს გავყვებოდი. მშობლებმა არჩევანის უფლებაც არ მომცეს, რადგან მამა კომპოზიტორია, ბაბუა ვიოლინოს პედაგოგი, ამიტომ სამომავლოდ ეს პროფესიაც თვითონ გადამიწყვიტეს. მეორე მხრივ, როდესაც ჩემს არაჩვეულებრივ ბებოს დავყავდი ვიოლინოს გაკვეთილებზე, ყოველთვის ვეძებდი ამაღლებულ ადგილს, რათა წარმომედგინა, ვითომ სცენაზე ვიდექი. ბაბუ სახლში ამეცადინებდა თავის მოსწავლეებს, მკაცრი პედაგოგი იყო. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პირველი პედაგოგი ლიანა თურქაძე და შემდგომ - ლაიმე გარსევანიძე, რომლებმაც ჩემში ბევრი შრომა ჩადეს.
ნინო შიუკაშვილი
- განსაკუთრებული შემოქმედებითი მომენტებიდან რას გაიხსენებთ?
- გავიხსენებ იმას, თუ როგორ აღმოვჩნდი სტამბულის კამერულ ორკესტრში. 2012 წელს მარმარისის სასტუმრო Marti resort de luxe-ში მიმიწვიეს, სადაც სტამბულის კამერულ ორკესტრში ვუკრავდი ბატონ მურად სამერის (Murat Summer) დირიჟორობით. სხვათა შორის, იმ ორკესტრში სულ ოთხ მუსიკოსს მოგვივიდა მოწვევა. ასევე საფრანგეთის საკონსულოში გამართულ მუსიკალურ საღამოებსაც გავიხსენებ. ეს იყო 2005-2009 წლები. მაშინ საფრანგეთის საკონსულოსთან ვთანამშრომლობდი. კერძოდ, ურთიერთობა მქონდა საფრანგეთის კონსულთან ჰენრი დენისტანთან (Henry Denistan), რომლის მიწვევითაც საელჩოში ვუკრავდი კლასიკური მუსიკის საღამოებზე. მაშინ კონცერტების ორგანიზატორიც ვიყავი. ყველაზე გამორჩეული საღამო ალბათ იყო საფინალო, როდესაც კონსულმა მუსიკალური შეხვედრა საკუთრ სახლში მოაწყო. ეს იყო მისი გამოსამშვიდობებელი საღამო, რადგან მალე სამშობლოში ბრუნდებოდა.
რეპეტიციის დროს
- როგორ აღმოჩნდა ცნობილ მუსიკალურ საიტზე ერთ-ერთი კომპოზიცია, რომელიც თქვენ ჩაწერეთ?
- MTV-ს ფილიალი დაინტერესდა, რის შედეგადაც ჩემი ერთი კომპოზიცია საუკეთესო ხუთეულში შევიდა. საქმე ისაა, რომ 2009 წელს ჩემი მეგობრისა და უნიჭიერესი კომპოზიტორის იგორ შაგინიანის ნაწარმოებზე მოვამზადე პოპური, რომელიც სამუსიკო სტუდიაში ჩავწერე როგორც გამზადებული პროდუქტი. მას შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ბევრი მიწვევა მქონდა. მოგვიანებით ჩემი ნამუშევარი განიხილებოდა კანადაში, კორპორაცია It market Ca inc-ში. იმ პერიოდში მსგავს პროექტებში აქტიურად ვიყავი ჩართული.
ნინო შიუკაშვილი
- ერთი პერიოდი გიგი გეგელაშვილთანაც თანამშრომლობდით...
- გიგი გეგელაშვილი ჯგუფ „სინათლის წელიწადს“ ხელმძღვანელობს, იქ ბევრ არაჩვეულებრივ მუსიკოსთან მომიწია თანამშრომლობა. დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ჯგუფის წარმატებაში რაღაც წვლილი მეც მიმიძღვის. გიგის კონცერტებიდან გამოვყოფდი პროექტს „თაობა 21-ე“ ბევრი ნიჭიერი ადამიანის ერთიანობისა და დაუღალავი რეპეტიციების ხარჯზე ის კონცერტი წარმატებით შედგა.
ნინო შიუკაშვილი
- თვლით, რომ ვიოლინოზე შესრულებულ მუსიკას სამკურნალო ეფექტი აქვს?
- ამას მარტო მე არ ვთვლი. ვიოლინოზე ყველაზე ხშირად ვასრულებ კლასიკურ მუსიკას, რომლის ე.წ. სამკურნალო ხასიათი ოდითგანვეა აღიარებული. როგორ განწყობაზეც არ უნდა ვიყო, ჩემთვის ის ყველა შემთხვევაში ემოციის გამომწვევი სტიმულია. ხანდახან სურვილი მიჩნდება, განვმარტოვდე და საოცარ ბგერებთან მარტო დავრჩე. ამით საკუთარ სამყაროს – ემოციურ და სულიერ განზომილებას ვიქმნი. მუსიკა ხომ ყველაზე ადამიანური მოთხოვნილებაა...
ნინო მამულაშვილი