თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში ნავთობის მარაგების შემცირების, მათ შორის, კუშინგის ტერმინალზე რეზერვების კრიტიკულად დაბალ მაჩვენებლამდე დაცემის შესახებ ცნობების ფონზე ხუთშაბათის ვაჭრობაზე ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა.
დღევანდელი დილისთვის Brent-ზე ნოემბრის ფიუჩერსები ლონდონის ICE Futures ბირჟაზე 0,75 დოლარით (0,78%) გაძვირდა და ბარელზე 97,3 აშშ დოლარი შეადგინა.
ამ დროისათვის WTI-ზე ნოემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა NYMEX-ზე 0,91 დოლარითაა (0,97%) გაძვირებული და ბარელზე 94,59 დოლარს აღწევს.
აშშ-ის ნავთობის მარაგები გასულ კვირაში 2,2 მილიონი ბარელით შემცირდა და 416,3 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი რაოდენობაა 2022 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, და 4%-ით დაბალია ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე.
კუშინგის ტერმინალზე რეზერვები 900 ათას ბარელზე მეტით შემცირდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს, 22 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც საოპერაციო მინიმუმთანაა ახლოს.
„კუშინგში მარაგები 2014 წლის შემდეგ არ დაცემულა 20 მილიონ ბარელზე დაბლა. ახლა ბაზარზე დადის ხმები, რომ ტერმინალზე ისტორიულად დაბალი მარაგის დონის გამო დავარდნილმა წნევამ შესაძლოა ოპერაციული სირთულეები გამოიწვიოს შეერთებული შტატების უმსხვილეს ნავთობსაცავში“, — აღნიშნა Mizuho Securities-ის ანალიტიკოსმა რობერტ იაგერმა.
Oanda-ს ანალიტიკოს ედვარდ მოიას თქმით, ამ იმ შემთხვევაში, თუ Brent-ის ფასი ბარელზე 100 დოლარს მიაღწევს, ამან შესაძლოა ბაზარზე შემდგომი შესყიდვების პროვოცირება გამოიწვიოს, თუ გლობალური ლიდერები ფასების დასაწევად რაიმე ნაბიჯებს არ გადადგამენ.