ეს მიუღებელია: პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ლატვიის მოწოდებაზე

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს, მიუღებელი და შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის გაცხადებულ პოლიტიკასთან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

„ლატვიის პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი შეუთავსებლობა და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის გაცხადებულ პოლიტიკასთან. ჩვენ ვთქვით, რომ არცერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესების საზიანოდ და ასეც არის... ასე რომ, ლატვიის პრეზიდენტის განცხადება მიუღებელია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რომ შემოეღო, რაზეც ლატვიის პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს ქვეყნის ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა.

„როგორც ლატვიის პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ დაგვეწესებინა ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ არ გვექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, არამედ გვექნებოდა 10%-იანი ვარდნა და იქნებოდა კოლაფსი ყველა მიმართულებით", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
აიკრძალა ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში>>>
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის მაჩვენებელი 10,1% იყო.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამავდროულად, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტურალ დახმარებას უწევს.
ამასთან, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით, და დღემდე სანქციების დარღვევაზე ქვეყნის მიმართ წარდგენილი არცერთი ბრალდება არ დადასტურებულა
ოპოზიცია მრავალი თვე ადანაშაულებდა ხელისუფლებას სანქციების თავიდან არიდებაში რუსეთის დახმარებაში, მაგრამ ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში, რომლებიც საქართველოში 2023 წლის ივნისში იმყოფებოდნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მუშაობა.