როგორ ეძებდა ჩეკისტი ქობულოვი ნოსტეში „ვინმე“ გიორგი სააკაძეს - საინტერესო ფაქტები

Sputnik
საქართველოს ისტორია მდიდარია ამაღელვებელი, საამაყო და მნიშვნელოვანი მოვლენებითა და სახელებით. საზოგადოებამ ბევრი რამ იცის მათზე, თუმცა ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია.
ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც, შესაძლოა, აქამდე არც გსმენიათ.
***
პალმ ჯუმეირა — მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებული ხელოვნური კუნძულები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეს ხმელეთის ათვისების უდიდესი პროექტია მთელ მსოფლიოში, რომლის ავტორი და სულისჩამდგმელი ქართველი ინჟინერი ოთარ ზალდასტანიშვილი გახლავთ.
პალმ ჯუმეირა
კუნძულების შექმნის იდეა არაბეთის ერთ-ერთ უმდიდრეს შეიხს ეკუთვნის, რომელმაც პირადად ანდო საკუთარი ოცნების განხორციელება ქართველ ინჟინერს.
ჰარვარდის უნივერსიტეტში ზალდასტანიშვილმა და კიდევ ერთმა ცნობილმა ქართველმა ავიაკონსტრუქტორმა ალექსანდრე ქართველიშვილმა ჯერ კიდევ 1952 წელს დაიცვეს სადისერტაციო ნაშრომი აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში. მოგვიანებით სწორედ ეს ნაშრომი გამოადგა მას ჯუმეირასთვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შესაქმნელად.
გარდა ამისა, ოთარ ზალდასტანიშვილი არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორი, მათ შორისაა: სასტუმრო Copley Place, ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში, აშშ-ის მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილზე და სხვ.
ოთარ ზალდასტანიშვილი შესულია ამერიკის საცნობარო ხასიათის წიგნში „ვინ ვინ არის" (Who is Who), რომელშიც ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სახელებია შეტანილი.
***
მთელ მსოფლიოში პოპულარულ ფრანგულ ღვინო „მუსკატს“ საქართველოდან ძალიან დიდი ხნის წინ გატანილი ყურძნის ჯიშისგან ამზადებენ.

ჩვენში დღესაც ხარობს ვაზი, რომლის ყურძენსაც იმდენად თხელი კანი აქვს, რომ მწიფობის დროს სკდება და ბუზი ეხვევა. ჩვენმა წინაპრებმა ამიტომაც შეარქვეს მას „ბუზის ყურძენი“, ხოლო ევროპელებმა მუსკატი უწოდეს. საქმე ისაა, რომ musca ლათინურად ბუზს ნიშნავს.
***
1937 წელს ტიციან ტაბიძე და სხვა „ცისფერყანწელები“ დააპატიმრეს. საქმეს ჩეკისტი ქობულოვი კურირებდა.
ტიციან ტაბიძეს წამებით აიძულებდნენ, გაეთქვა იმ ანტისაბჭოთა ბანდის ხელმძღვანელი, რომლის წევრიც თითქოს თავად პოეტიც იყო. ბოლოს ტიციანმა ბანდის მეთაურად ნოსტელი გიორგი სააკაძე დაასახელა.
და ჩეკისტი ქობულოვი რამდენიმე დღის განმავლობაში გამწარებული დაეძებდა კასპის რაიონის სოფლებში გიორგი სააკაძეს...
1942 წლის სექტემბერში მამა გრიგოლი (ფერაძე) ჰიტლერელებმა დააპატიმრეს ებრაელთა მფარველობის ბრალდებით და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. 6 დეკემბერს გრიგოლ ფერაძე თავის ნებით შევიდა გაზის კამერაში თავისი ყოფილი სტუდენტის, მრავალშვილიანი ახალგაზრდა ებრაელი კაცის ნაცვლად.
თბილისელი აშუღის საიათნოვას მამა ალეპოელი მნათე იყო, დედა — ავლაბრელი სომეხი. აშუღი ლექსებს ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თხზავდა, ოღონდ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ლექსებს ქართული ასოებით წერდა.
როდესაც ლეგენდარულმა ინდოელმა მსახიობმა რაჯ კაპურმა სცენაზე აკაკი ხორავას მიერ შესრულებული ოტელო იხილა, სცენაზე ავიდა, დაუჩოქა და მოსასხამზე ემთხვია, ასე კარგად შესრულებული როლი არ მინახავსო.
სამღარიანი, სწორი, პირბასრი და დრეკადი ხმალი „დავითფერული“ საქართველოში საუკეთესო ფოლადისგან მზადდებოდა. ფერად ლიბრი (მოლურჯო) ხმალი „ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ“ მახვილად მიიჩნეოდა და ძვირადაც ფასობდა.
1277 წელს ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ილხანელ მონღოლთა ლაშქარში დემეტრე II თავდადებულის მეთაურობით 3.000 ქართველიც იბრძოდა. მათგან მხოლოდ ოთხიოდე გადაურჩა სიკვდილს.
ჰერეთში ლეკების მომრავლება კახეთის მეფის ლევანის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მათ ევალებოდათ კავკასიონის მთებიდან სამეფო კარისთვის ყინულის ზიდვა, რაც მაცივრის მაგივრობას სწევდა მაშინ.
1944 წლის ოქტომბერში 24 წლის ქართველმა ინჟინერმა ირაკლი ციციშვილმა მდინარე დნეპრზე ააგო ხიდი, რომლის სიგრძე 550 მეტრი იყო. პირველივე ღამეს მასზე 158 ტანკმა, ათასობით ქვემეხმა, მანქანამ და ნახევარ მილიონამდე ჯარისკაცმა გაიარა. ირაკლი ციციშვილი კი გამოცდის დროს ხიდის ქვეშ იდგა ნავით.