ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე რვა პირი ამხილეს

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის მიზნით მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის გაწერეს 8.717.236 ლარის ღირებულების თამბაქოს ნაწარმისა და სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის ამსახველი ყალბი ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც შეიქმნა 1.326.603 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი.
აღნიშნულმა პირებმა თანხის ნაწილი – 876.723 ლარი გამოიტანეს, დარჩენილი თანხა კი მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.
გამოძიება სსკ-ის 210-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.