შეერთებული შტატები და ნატო უკრაინაში ჯარების საბრძოლო მართვის ახალ ტექნოლოგიებს (თანამგზავრული ინტერნეტი) ამუშავებენ, ხვეწენ პროქსი-დაზვერვის საშუალებებს, უპილოტო მფრინავი აპარატებისა და კამიკაძე-დრონების მასირებული და კომბინირებული გამოყენების ტაქტიკას.
სპეცოპერაციის ზონაში განუწყვეტლივ მოწმდება არაბირთვული საშუალებებით ომის წარმოების უახლესი კონცეფციები, გამოიყენება თანამედროვე იარაღის დიდი რაოდენობა. 21-ე საუკუნეში უკრაინის მაღალი ინტენსივობის კონფლიქტს ანალოგი არ გააჩნია.
რუსეთთან სხვისი ხელითა და ნატოს დრონებით კომუფლირებული ომი პენტაგონის გრძელვადიანი სტრატეგიაა – ჩინეთთან და სხვა სუვერენულ „შერისხულებთან“ მომავალი ქსელცენტრული კონფლიქტის გათვალისწინებით.
მეორე წელია, რაც უკრაინის ოპერაციების თეატრი მომავალი ომებისთვის მოწინავე ტექნოლოგიებს ამოწმებს და ამუშავებს. „ჭკვიანი“ მანქანები დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას, მოწინააღმდეგის მაღალტექნოლოგიურ სისტემებთან დაპირისპირებას სწავლობენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებს ინფორმაციას უკრაინის, ფაქტობრივად კი ნატოს მოიერიშე დრონების რუსეთის ცაში განადგურების შესახებ, რომლებიც ლურჯ-ყითელი სიმბოლოებითაა „შეფუთული“ და დასავლეთის მიერ მიწოდებული კომპონენტებითაა აწყობილი.
მხოლოდ ბელგოროდის ოლქში 25 სექტემბერს თვითმფრინავის ტიპის შვიდი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. ყირიმი რეგულარულად იგერიებს უპილოტო აპარატებისა და საზღვაო უეკიპაჟო კამიკაძე-კატარღების მასირებულ და კომბინირებულ შეტევებს — ზღვასა და ცაში ერთდროულად შეიძლება ათობით საბრძოლო დრონი გამოჩნდეს.
სპეცოპერაციის განმავლობაში რუსულმა ჯარებმა 7100-ზე მეტი დრონი გაუნადგურეს მოწინააღმდეგეს. უკრაინის ძალები და საშუალებები (ავიაცია, არტილერია, ჯავშანტექნიკა) ამ 570 დღეში სრულად მინიმუმ ორჯერ განადგურდა. დაიწვა 728 ვერტმფრენი და თვითმფრინავი, რაც დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა თუ გერმანიის პარკის ტოლფასია, და ორჯერ აღემატება ავსტრალიის, კანადისა თუ პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს.
ამერიკული აპოკალიფსის პირველი მხედარი
კომუნიკაცია ჯარების მართვის საფუძველია. საიმედო კავშირი სარდლობის ბრძანებების, დაზვერვის მონაცემებისა და სამიზნეების ოპერატიული გადაცემის გარანტიაა.
უკრაინის ოპერაციების თეატრში მის მხარეზე აშშ-ისა და ნატოს 500-ზე მეტი თანამგზავრი მუშაობს. უკრაინული ჯარების კავშირს ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში ეფექტურად უზრუნველყოფს ილონ მასკის კომპანია „სტარლინკი“.
პენტაგონმა ცოტა ხნის წინ თავისი „სექტორი“ დაიქირავა Starlink-ის თანამგზავრების ორიათასიან დაჯგუფებაში. ამ სისტემის გარეშე სადაზვერვო მონაცემებისა და სამიზნეების გადაცემა და ქვედანაყოფებისა და დრონების მართვა შეუძლებელია.
რომ არა „კავშირის მეთაური“ მასკი, უკრაინა სწრაფად გადაიქცეოდა არაორგანიზებულ ბრბოდ, ვინაიდან რუსული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები ეფექტურად ახშობენ მოწინააღმდეგის „სახმელეთო“ რადიოკავშირს.
Starlink-ის თანამგზავრების დაბალი ორბიტა (300-600 კმ) სიგნალის მდგრადობასა და ჩამოტვირთვის სისწრაფეს (წამში 105 მბიტ) უზრუნველყოფს. მასკის კონკურენტების ანალოგიური სისტემების ორბიტის სიმაღლე 35 ათას კილომეტრამდეა. თანამგზავრები „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა უკრაინული ჯარების კომუნიკაციისთვის ხმელეთსა და ფრონტის მთელ ხაზზე“.
როგორ რეაგირებს ამაზე მოსკოვი?
Starlink-ის რუსული ანალოგი — კომპანია SR NET-ის 96 თანამგზავრი რუსეთის მთელ ტერიტორიას 2024 წელს დაფარავს. მეორე მხრივ, ორ თვეში Starlink-მა 212 თანამგზავრი დაკარგა.
მასკი კომპანიის დანაკარგების უჩვეულო დინამიკაზე კომენტარს არ აკეთებს. ინტერნეტ-სისტემის სიცოცხლისუნარიანობას კიდევ დაახლოებით 2 ათასი კოსმოსური აპარატი უზრუნველყოფს.
„რია ნოვოსტის“ ავტორიტეტული წყარო ადრე აცხადებდა: „რუსეთის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებმა რადიოელექტრონული ბრძოლის ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც სიგნალით გეოსტაციონარულ ორბიტაზე თანამგზავრების ჩახშობა შეუძლია. ეს დაახლოებით 36 ათასი კილომეტრია ზღვის დონიდან“.
საჰაერო და საზღვაო ძალების კონკურენტები
ამერიკული აპოკალიფსის სხვა ორი მხედარი — უპილოტო საფრენი აპარატები და საზღვაო დრონი-კამიკაძეებია, რომელთა მასობრივი და ქსელცენტრული გამოყენება სამხედრო ისტორიაში პირველად მუშავდება.
უპილოტო აპარატები ბრძოლის ველზე მთავარ სახარჯო მასალად იქცა, ამიტომ ისინი კიდევ უფრო „დაჭკვიანდებიან“ და გაძლიერდებიან.
ამ შემაშფოთებელ ტენდენციაზე მოსკოვი ადეკვატურად და ოპერატიულად რეაგირებს — სწრაფად ზრდის უპილოტოების წარმოებას და მსოფლიო ლიდერი ხდება ხელოვნული ინტელექტის მქონე დრონების შემუშავება-წარმოება-საბრძოლო გამოყენებაში.
ლეგენდარული „ლანცეტები“ და სხვა მოიერიშე დრონები ყოველდღიურად ადასტურებენ ამას სპეცოპერაციის ზონაში.
მეორე მხრივ, აქტიურად გამოიყენება და იხვეწება უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის რუსული ინსტრუმენტების ხაზი — Красуха-С4, Силок-01, Поле-21, Лесочек, Палантин, Леер-3 და სხვები. მალე მზად იქნება კომპლექსი Былина — ხელოვნური ინტელექტით.
სპეცოპერაციისას რუსულმა რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსებმა (რებკ) „აკრძალული ზონა“ შეუქმნეს უკრაინულ დრონებს და უბრალოდ გაანადგურეს თურქული Bayraktar-ების რეპუტაცია.
შემთხვევითი არ არის, რომ ამერიკელმა ექსპერტებმა რუსეთის რებკ უკრაინის თეატრში ყველაზე მძლავრი იარაღის პირობით სამეულში შეიტანეს.
მომავალში თანამგზავრული დაჯგუფების საფუძველზე რებკ-ის კოსმოსური სექტორის შექმნა იგეგმება, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების ერთიან საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში იქნება ჩართული.
წარსულში სამხედრო კონფლიქტებში საზღვაო დრონები აქტიურად არ გამოიყენებოდა. თავდაპირველად მან შავ ზღვაზე ნატოს იმედები ვერ გაამართლა. საბრძოლო გამოყენების ტექნიკა და ტაქტიკა თანდათანობით მოიყვანეს ნორმაში, თუმცა საზღვაო დრონები მაინც იშვიათად აღწევენ მიზანს.
ამ იარაღის ტექნოლოგიური განვითარება ჯერჯერობით გზის დასაწყისშია. უკრაინის თეატრი მოსახერხებელი საცდელი პოლიგონია დასავლეთისთვის.
უკრაინას საზღვაო კამიკაძე-დრონებს აშშ, გერმანია და ბრიტანეთი აწვდიან. ამ დღეებში ბერლინმა გამოაცხადა, რომ კიევს კიდევ 50 მოიერიშე უეკიპაჟო კატარღებს გადასცემს. და კირილ ბუდანოვი დაიმუქრა, რომ ყირიმის ხიდზე შეტევებს ბოლომდე მიიყვანს.
რუსეთი დამაჯერებელ წინააღმდეგობას უწევს აშშ-ისა და მისი ათობით სატელიტის დესტრუქციულ ძალისხმევებს უახლესი რებკ-ებითა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ასევე ზეზუსტი შორი რადიუსის სარაკეტო იარაღით.
სპეცოპერაციის განმავლობაში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად დაქვეითდა. პენტაგონის სტრატეგოსების გეგმები უკრაინის ოპერაციების თეატრში ჩაიშალა. ისტორია ამერიკული სცენარით არ ვითარდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე