თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ვინც გეგმავს ამ უქმეების სასიამოვნოდ გატარებას, მობრძანდით ყველა თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ „თბილისობა 2023“, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სამ ლოკაციაზე – რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.
მერის განცხადებით, მრავალფეროვანი პროგრამის გარდა, რომელიც ორი დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, 30 სექტემბერს რიყის პარკში დაგეგმილია ქართველ შემსრულებელთა კონცერტი, ხოლო 1 ოქტომბერს – მიუზიკლი.
„ამ კვირის უქმეებზე, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს აღვნიშნავთ „თბილისობას“, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. სამ ლოკაციაზე გვაქვს დაგეგმილი ღონისძიებები – რიყის პარკში, აბანოთუბანში, ასევე ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – განაცხადა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, რიყის პარკში ორივე დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება 12:00-დან 22:00 საათამდე. მათ შორის: გასტრონომიული ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, საბავშვო-გასართობი აქტივობები და კონცერტები, იქნება ატრაქციონები და სხვადასხვა ინსტალაცია.
ამავე დღეებში ორბელიანის მოედანზეც გაიხსნება კვებისა და ტკბილეულის ზონები, გაიმართება საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა ინსტალაციები, წიბახას სამაგიდო თამაშები, გასტრონომიული ფესტივალი „ისპანახობა“, თეატრალიზებული პერფორმანსი „თბილისური ტრადიციები“ და ა.შ. იქვე, ათონელის, ფხოვისა და ფურცელაძის ქუჩებზე გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები და კონცერტები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
რაც შეეხება აბანოთუბანს, 12:00-დან 22:00 საათამდე აქ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“.
30 სექტემბერს გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მაყურებელი პირდაპირ ეთერში იხილავს.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ბოლო დროს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდ-პანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში ჩატარდა. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.