თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მოუწოდა მას, თავი შეიკავოს მთიან ყარაბაღში შემდგომი საბრძოლო მოქმედებებისგან და უზრუნველყოს იქ ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შესვლა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-რელიზში.
გარდა ამისა, ბლინკენმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებისა და მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობას.
„სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა პრეზიდენტ ალიევს, მისცეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას გარანტიები, რომ ისინი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ და რომ მათი უფლებები დაცული იქნება. გარდა ამისა, მოუწოდა პრეზიდენტს, გამოაცხადოს ფართო ამნისტია და დაუშვას საერთაშორისო დამკვირვებლები მთიან ყარაბაღში“, — ნათქვამია პრეს-რელიზში.
19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტოტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო. მეორე დღეს, 20 სექტემბერს მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ბაქო სამომავლოდ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში ინტეგრაციას გეგმავს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო მისიის შექმნაა აუცილებელი, რომელიც ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებას და მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.