კანონები, რომლებსაც ადამიანის ფსიქიკა ემორჩილება, დღესაც არ არის ბოლომდე შესწავლილი. კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არაერთი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი ჩატარებულა, რომელთა მიზანიც ადამიანის ცნობიერების შესწავლა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. ამ ექსპერიმენტებიდან ზოგი იმდენად საზარელი იყო შინაარსითა და შედეგებით, რომ წარმოდგენაც კი ძნელია.
ქვემოთ სამი ასეთი ცდის შესახებ გიამბობთ.
კაჩინსკის საქმე
ჰარვარდის წარმატებული სტუდენტი, ვუნდერკინდი თეოდორ კაჩინსკი, რომელიც უნივერსიტეტში 16 წლისა ჩაირიცხა, წლების განმავლობაში მონაწილეობდა ფსიქოლოგ ჰენრი მიურეის ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც „პიროვნების კვლევა“ იყო.
ექსპერიმენტისთვის შერჩეულ სტუდენტებს, მათ შორის კაჩინსკის, უთხრეს, რომ თანაკურსელთან მოუწევდათ პირად ფილოსოფიაზე მსჯელობა. მაგრამ სინამდვილეში მათ სტრეს-ტესტი ჩაუტარდათ, რომელიც მოგვიანებით ხანგრძლივ ფსიქოლოგიურ შეტევად და „განზრახ სასტიკ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტად" შეფასდა.
ექსპერიმენტისას სტუდენტებს სპეციალურად მოწყობილ ოთახში ათავსებდნენ და ავალებდნენ, დაეწერათ სტატია, რომელშიც დეტალურად აღწერდნენ პირად მოსაზრებებსა და მისწრაფებებს. ამის შემდეგ სტატიები გადაეცემოდა ანონიმ ადამიანებს, რომლებიც ოთახში შედიოდნენ და სასტიკად ამცირებდნენ, შეურაცხყოფდნენ თითოეულ სტუდენტს. ეს ადამიანები მანამდე სპეციალურად იყვნენ მომზადებული მსგავსი სცენარისთვის, რის შესახებაც ცდის მონაწილე სტუდენტებმა არაფერი იცოდნენ.
როგორც მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, ამ ექსპერიმენტმა სასტიკი კვალი დატოვა თეოდორ კაჩინსკის პიროვნებაზე, რომელიც ცდების დაწყებამდე ემოციურად სტაბილური ადამიანი იყო (ამაზე მისი ადრინდელი ჩანაწერები მეტყველებს), და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რაც მან შემდგომში ჩაიდინა.
საქმე ისაა, რომ თეოდორ კაჩინსკიმ რამდენიმე წლის განმავლობაში 16 ტერაქტი მოაწყო თვითნაკეთი ბომბებით, რასაც სამი ადამიანი შეეწირა, 23 კი დასახიჩრდა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, რომელმაც ტერორისტის ვინაობა არ იცოდა და მას „უნაბომბერად“ მოიხსენიებდა, კაჩინსკი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ძებნილად შეაფასა — მის შესახებ ინფორმაციისთვის 1 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დაინიშნა. კაჩინსკი 1996 წელს დააპატიმრეს, 2023 წელს კი საპატიმროში გარდაიცვალა.
2018 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) აღიარა, რომ პროფესორ მიურეის ექსპერიმენტი პროგრამა МК-ULTRA-ს ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანის ცნობიერების მართვის მეთოდებს სწავლობდნენ.
ჰოფლინგის ექსპერიმენტი
ფსიქიატრმა ჩარლზ ჰოფლინგმა ექსპერიმენტით დაამტკიცა, რომ ადამიანთა დიდი უმრავლესობა მიდრეკილია დაემორჩილოს ავტორიტეტულ მოსაზრებას მაშინაც კი, როდესაც ის აშკარად ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს და ამასთან დადგენილ წესებსაც არღვევს.
ამ ექსპერიმენტის არსი შემდეგი იყო:
ადამიანი ურეკავდა საავადმყოფოს მედდას და ექიმად აცნობდა თავს — უსახელებდა გამოგონილ გვარს, შემდეგ კი სთხოვდა მას, პაციენტისთვის 20 მგ პრეპარატი „ასტროტენი" გაეკეთებინა, რომელიც სინამდვილეში ბუნებაში არ არსებობდა. ამასთან არწმუნებდა, რომ გზაში იყო და საჭირო დოკუმენტებს მაშინვე შეავსებდა, როგორც კი საავადმყოფოში მივიდოდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში წამლების კარადაში წინასწარ იყო მოთავსებული ფლაკონები, რომლებსაც ეტიკეტზე „ასტროტენი“ ეწერა და მაქსიმალურად დასაშვებ დოზად 10 მგ იყო მითითებული.
ექსპერიმენტისთვის ჰოფლინგმა 22 მედდა შეარჩია ამერიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ მათგან 21 მზად იყო, პაციენტისთვის მითითებული პრეპარატი გაეკეთებინა, თუმცა ისინი პალატის კართან შეაჩერეს.
სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
ეს იყო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი, რომელიც 1971 წელს ჩაატარა სტენფორდის უნივერსიტეტში ამერიკელმა სოციალურმა ფსიქოლოგმა ფილიპ ზიმბარდომ. კვლევა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა დაუკვეთა, რათა გაერკვიათ, რა იყო ფლოტის გამოსასწორებელ დაწესებულებებში კონფლიქტების მიზეზი.
ექსპერიმენტისთვის ზიმბარდომ და მისმა გუნდმა 24 მოხალისე სტუდენტი მამაკაცი შეარჩიეს, რომლებიც მათ ფსიქიკურად ჯანსაღებად და ემოციურად მდგრადებად მიიჩნიეს. ისინი კენჭისყრით დაყვეს „პატიმრებად“ და „ციხის მცველებად“, შემდეგ კი სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის ბაზაზე მოწყობილ პირობით ციხეში მოათავსეს.
ზიმბარდომ, რომელმაც „ციხის უფროსის“ როლი მოირგო, ექსპერიმენტის მონაწილეებისთვის სპეციფიკური პირობები შექმნა, რომლებსაც დეზორიენტაციის, რეალობის შეგრძნებისა და თვითიდენტიფიკაციის დაკარგვისთვის უნდა შეეწყო ხელი.
„მცველებს“ ხის ხელჯოხები და სამხედრო ნიმუშის უნიფორმა და მზის სათვალეები მისცეს, რომლის სარკისებრ მინებშიც თვალები არ ჩანდა. „პატიმრებს“ კი ფეხზე რეზინის შლაპუნები და მიტკლის ხალათები ჩააცვეს — ქვედა საცვლების გარეშე. ზიმბარდოს მტკიცებით, ასეთი ტანსაცმელი მათ დეზორიენტაციას შეუწყობდა ხელს. ამასთან მათ არა სახელებით, არამედ ნომრებით მიმართავდნენ, რომლებიც ფორმაზე ჰქონდათ დაკერებული. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს კოჭზე პატარა ჯაჭვი ეკეთა, როგორც პატიმრის სტატუსის მუდმივი შეხსენება.
ექსპერიმენტამდე ერთი დღით ადრე „მცველებს“ მოკლე ინსტრუქცია მისცეს და აუხსნეს, რომ ნებისმიერი ფიზიკური ძალადობა ეკრძალებოდათ. „პატიმრებად“ შერჩეული მოხალისეები კი, რომლებსაც უთხრეს, შინ დალოდებოდნენ გამოძახებას, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დააკავეს პალო ალტოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რაღა თქმა უნდა, ექსპერიმენტის ფარგლებში, და შეიარაღებულ ძარცვაში დასდეს ბრალი.
დაკავებულებმა სრული საპოლიციო პროცედურა გაიარეს, მათ შორის, თითის ანაბეჭდების აღება, ფოტოების გადაღება და უფლებების წაკითხვა. „ციხეში“ ისინი გააშიშვლეს, გასინჯეს, ნომრები მიანიჭეს და საკნებში გადაიყვანეს.
პირველმა დღემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, უკვე მეორე დღეს კი ბუნტმა იფეთქა. „მცველებმა“ აჯანყებულები ცეცხლმაქრობების მეშვეობით დააშოშმინეს. ამ ინციდენტის შემდეგ „მცველები“ ცდილობდნენ, რომ „პატიმრები“ ერთმანეთის წინააღმდეგ წაექეზებინათ და აიძულეს ისინი ეფიქრათ, რომ მათ შორის ინფორმატორი იყო. გარდა ამისა, „მცველები“ „პატიმრებზე“ ფიზიკურადაც ძალადობდნენ — აიძულებდნენ მათ, საათობით ევარჯიშათ.
„ციხე“ მალე დაბინძურდა. დაბანის უფლება პრივილეგიად იქცა. ზოგიერთ პატიმარს ტუალეტების შიშველი ხელებით გაწმენდას აიძულებდნენ. „მცველებმა“ ზოგი საკნიდან ლეიბები გაიტანეს და „პატიმრებს“ შიშველი ბეტონის იატაკზე უწევდათ ძილი. მათ ხშირად სჯიდნენ იმითაც, რომ საკვებს არ აძლევდნენ.
ექსპერიმენტის დროს რამდენიმე „მცველი“ სადისტურად იქცეოდა, განსაკუთრებით ღამით, როდესაც ეგონათ, რომ კამერები გამორთული იყო. როგორც ექსპერიმენტის ავტორები ამტკიცებდნენ, სადისტურ მიდრეკილებებს დაახლოებით ყოველი მესამე „მცველი“ ავლენდა. ბევრი მათგანი განაწყენდა კიდეც იმ ფაქტით, რომ ექსპერიმენტი ნაადრევად შეწყდა.
ზიმბარდომ ორ კვირაზე გათვლილი ექსპერიმენტი დროზე ადრე, ექვსი დღის შემდეგ შეწყვიტა იმის გამო, რომ მისმა ასპირანტმა და იმავდროულად საცოლემ კრისტინა მასლაკმა „ციხეში“ არსებული საშინელი პირობები გააპროტესტა.
ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, თუ რამდენად მგრძნობიარე და მორჩილია ადამიანი, როდესაც მის ქმედებებს სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი იდეოლოგია ამართლებს. ეს შედეგები ასევე გამოიყენება კოგნიტური დისონანსის თეორიისა და ავტორიტეტული ძალაუფლების გავლენის საილუსტრაციოდ.