პრეზიდენტის იმპიჩმენტი: პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზურაბიშვილის ახალი აქტივობა დაგმო

პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო
Sputnik
თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ახალი ვიზიტები ადასტურებს, რომ იმპიჩმენტი და სამართლებრივი რეაქცია მმართველი პარტიის მხრიდან სწორი იყო, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მას შემდეგ დააანონსა, რაც ზურაბიშვილმა მთავრობის თანხმობის გარეშე 31 აგვისტოს უცხოური ტურნე დაიწყო. მიუხედავად ამისა, 25 სექტემბერს პრეზიდენტმა დააანონსა ახალი ვიზიტები ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში.
„რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე, რომ საპარლამენტო კუთხით რეაგირება და იმპიჩმენტის დაწყება იყო სწორი, რადგან, როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთი შემთხვევა. ეს რომ პრაქტიკად არ იქცეს, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატის თქმით, საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში არის ჩართული იმ მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას აქვს.
თუ პრეზიდენტს დამატებით სურს საგარეო მიმართულებით იმუშაოს და იაქტიუროს, ამისთვის საჭიროა შეთანხმება მთავრობასთან.
„მთავრობამ არ მისცა მას ასეთი თანხმობა. შესაბამისად, როდესაც უკვე განხორციელდა ვიზიტები თუ საერთაშორისო აქტივობა, ეს არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაბამის პრინციპს და ამას ეფუძნება იმპიჩმენტის ინიცირება“, - განაცხად თალაკვაძემ.
მისთვის სულ ერთია - იმპიჩმენტის პროცედურის მიუხედავად ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებს ხვდება >>
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ტალინში შეხვდება ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს, 26 სექტემბერს – რიგაში ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს, 27 სექტემბერს კი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან გამართავს შეხვედრას.
12 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინება შეიტანა, რომელსაც თან ერთვის საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერა.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი: საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება >>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.