ადგილი, სადაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად გრძნობ

ოთო მუნჯიშვილს საქმიანობაში მეუღლე მაია მეზვრიშვილი ეხმარება.
Sputnik
„ჩვენი საცხოვრებელი სახლი გადავაქციეთ ერთ დიდ სახელოსნოდ, სადაც სიამოვნებით და სიყვარულით ვამზადებთ თითოეულ ნამუშევარს“ - გვითხრა ოთო მუნჯიშვილმა, რომელიც პროფესიით ინფორმატიკის ინჟინერია. დღეს სხვა მიმართულებითაა დაკავებული: ხის მასალისგან სახლის დეკორს, ავეჯს და აქსესუარებს ამზადებს. მის მიერ გამოშვებულ ორიგინალურ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას „წალდუნას“ სახელით იცნობენ.
ხისგან დამზადებული თმის სამაგრები
- ოთო, ეზოს ავეჯის გარდა კიდევ რა სახის პროდუქციას ამზადებთ?
- ვაკეთებთ სხვადასხვა სახის დეკორაციებს, ხის პატარა სახლებს, ორიგინალურ კომპოზიციებს, ხის ნიღბებს. მათგან დათა თუთაშხიას ნიღაბს გამოვარჩევდი. პირველი თმის სამაგრი ჩემი მეუღლის თხოვნით დავამზადე. მას სურდა რაიმე მარტივი, ლამაზი, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტული გამეკეთებინა და, ვფიქრობ, გამომივიდა ხისგან დამზადებული თმის სამაგრები. ამ ეტაპზე სახლის დეკორებსა და თმის აქსესუარებზეა დიდი მოთხოვნა. რაც შეეხება სახელწოდებას, სახელი „წალდუნა“ ხალხური ზღაპრიდან შევარჩიეთ. ინსპირაცია ეგ გახდა. რაღაც ძალიან ქართული, საყვარელი და დასამახსოვრებლად მარტივი გვინდოდა.
ოთო მუნჯიშვილის სახლის გარემო
- თუ გახსოვთ რითი დაიწყეთ საქმიანობა?
- ჩემი პირველი ნამუშევარი იყო ხის პატარა ხომალდი, რომელზეც დიდი მონდომებით ვიმუშავე. სწავლის დასრულების შემდეგ ხეზე კვეთის გაკვეთილებზე დავდიოდი. პარალელურად ვხატავდი და სახასიათო პერსონაჟებს ვქმნიდი. როცა დავინახე, რომ ამან დიდი ინტერესი გამოიწვია, მას შემდეგ აღარც გავჩერებულვარ. ჩემი ყველა ნამუშევარი ლაზერული ჭრის გარეშე, ხელით იქმნება.
ავტორი: ოთო მუნჯიშვილი
- მომხმარებლის მოთხოვნებს როგორ ითვალისწინებთ?
- მომხმარებელი საკმაოდ მრავალფეროვანი და განსხვავებულია, ამიტომ ხელოვანს უნდა შეეძლოს, რომ სიახლე მას მუდმივად მიაწოდოს, რათა მისი ნამუშევრების მიმართ ინტერესი არ დაკარგონ. უცხოეთიდან რამდენჯერმე იყო გამოხმაურება, ძირითადად საბერძნეთიდან და თურქეთიდან, საიდანაც ქართველი ემიგრანტები დაგვიკავშირდნენ. მათ შეიძინეს კიდეც ჩვენგან ნივთები, რომლებიც უკვე გადავუგზავნეთ.
ოთო მუნჯიშვილის ბრენდ „წალდუნას“ ხისგან დამზადებული ეზოს ავეჯი
ოთოს მერე მის მეუღლეს მაია მეზვრიშვილსაც დავუსვით კითხვები.
„წალდუნას“ ნაწარმი
- მაია, რომელი ნამუშევარი გახდა თქვენთვის სტიმული?
- ყველაფერი ახალი წლისთვის მოსამზადებელ დღეებში დაიწყო, როდესაც ჩემი მეუღლის ტელეფონზე ზარი გაისმა. საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შემდეგ ოთომ გადმომცა, რომ შეკვეთის მოცემა სურდათ და მეგობრისთვის განსხვავებული ორიგინალური საშობაო საჩუქრის დამზადებას ჩვენ გვანდობდნენ. ბევრი არ გვიფიქრია და დავთანხმდით. საჩუქრის ადრესატი იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ამან სტიმული მოგვცა კიდევ გვეცადა. მერე ხის ნამუშევრები ჩვენს გვერდზე განვათავსეთ. ფუნქციებიც გადავინაწილეთ – მე „წალდუნას“ (Tsaldula) გვერდის პიარი და მენეჯმენტი მაბარია. კიდევ პატარა დეტალების შეღებვასა და აწყობაში ვეხმარები მას, დანარჩენი მისი საქმეა. ვფიქრობ, ჩემს ფუნქციას კარგად ვუმკლავდები.
„წალდუნას“ ნაწარმი
- როგორი ხელოვანია ოთო, ვიცი, რომ მას "ხის ჯადოქარს" ეძახით...
- დიახ, ის ჩემთვის „ხის ჯადოქარია“. ყველა შეკვეთას ყურადღებით ეკიდება, მაგრამ, ჩემი აზრით, როცა რაიმეს საკუთარი სურვილით ამზადებს, მაშინ ბევრად უფრო საინტერესო ნამუშევრებს ქმნის. ჩვენი ხელნაკეთი ნამუშევრები ეკოლოგიურად სუფთაა და ფასიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ სახლისთვის ვქმნით ლამაზ ნაწარმს. რადგან სახლი სამყაროა, სადაც თავს ყველაზე დაცულად და ბედნიერად გრძნობ.
ნინო მამულაშვილი