თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა, იუწყება NBC News.
როგორც საინფორმაციო ტელეარხი თავის ვებ-გვერდზე წერს, ამომრჩეველთა სამი მეოთხედი ამბობს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ასაკითა და ფსიქიკური ჯანმრთელობით არის შეშფოთებული.
გამოკითხვის თანახმად, რეგისტრირებული ამომრჩევლების 74% შიშობს, რომ 80 წლის ბაიდენს პრეზიდენტისთვის აუცილებელი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა არ აქვს. აქედან 59%-ს „სერიოზული“ შიშები აქვს, ხოლო 15%-ს — „ზომიერი“.
გარდა ამისა, რესპონდენტთა 60% სერიოზულად (45%) ან ზომიერად (15%) შიშობს ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს-ურთიერთობების თაობაზე პრეზიდენტ ბაიდენის შესაძლო ინფორმირებულობის, ან მასში ჩართულობის გამო.
ამასთან, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შორის ბაიდენის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 41%-ს შეადგენს, 56%-ს კი არ მოსწონს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობა.
„ეს არმოწონების ყველაზე მაღალი რეიტინგია მთელი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში“, — წერს გამოცემა.
NBC News-მა გამოკითხვა 15-19 სექტემბერს ჩაატარა, რა დროსაც 1000 რეგისტრირებული ამომრჩევლისგან მიიღო პასუხები შეკითხვებზე. გამოკითხვის ცდომილების ალბათობა +- 3,1%-ია. კონკრეტულად რესპუბლიკელი ამომრჩევლების შემთხვევაში ცდომილების ალბათობა +-5,5 %-ს შეადგენს.
წყარო: NBC News