თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. იუსტიციის სახლის ფილიალები ტექნიკური ხარვეზის გამო მომხმარებელს მომსახურებას ვერ უწევენ, ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სერვისებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად, პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო.
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ გვერდზე.
თბილისსა და რეგიონებში იუსტიციის სახლები მოქალაქეებს 470-ზე მეტი სახის მომსახურებას სთავაზობენ: მოქალაქეობა, ბინადრობის ნებართვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია, ბიზნესის გახსნა და ა.შ. აქვე შესაძლებელია პირადობის მოწმობისა და პასპორტის, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის და სხვა დოკუმენტების აღება.
2023 წლიდან იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 117-ს შეადგენს, სერვისების რაოდენობა 470-ს აღემატება.