ქუთაისის აეროპორტი დღეს წლის მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. თავისი 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, ქუთაისის აეროპორტი წლის განმავლობაში მემილიონე მგზავრს დღეს პირველად უმასპინძლებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, 15 საათსა და 30 წუთზე აეროპორტში დაეშვება თვითმფრინავი ფრანკფურტიდან, რომელსაც სწორედ მემილიონე მგზავრი მოჰყვება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტში მემილიონე მგზავრის მიღება ისტორიულია ფაქტია იმ 70 წლიანი ისტორიის მანძილზე, რაც ქუთაისში აეროპორტი და ავიაცია არსებობს.
„საკმაოდ დატვირთული დღე გვაქვს, აეროპორტში მგზავრთა დახვედრითა და სხვადასხვა ღონისძიებებით, მათ შორის, ძველ ავიატორებს შევხვდებით და მადლობას გადავუხდით იმ ისტორიისთვის, რომელიც შექმნეს და ჩვენამდე მოიტანეს", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მემილიონე მგზავრის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
ასევე დღეს ქუთაისის აეროპორტის 70 წლის იუბილეც აღინიშნება. აეროპორტში ვეტერანი თანამშრომლები არიან მიწვეული და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის 7 თვეში 856.646 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 90%-ით აღემატება. ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 7 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის აეროპორტი 2.590 რეისს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 76%-ით მეტია.
მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. პანდემიამდე, 2019 წლის ივლისში 267 რეისი შესრულდა. 2023 წლის ივლისში კი რეისების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა – ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ივლისში 517 რეისს მოემსახურა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.