ზელენსკის ადგილი მიუჩინეს: უკრაინა საშიში ხდება გარშემომყოფებისთვის

Sputnik
მიხაილ კატკოვი
მარცვლეულზე დავის შედეგად კიევი ვარშავას ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა, პოლონელებმა კი საპასუხოდ იარაღის მიწოდებაზე უარი განაცხადეს. და გააფრთხილეს უკრაინელები, რომ თუ ისინი სიჯიუტეს განაგრძობენ, ევროპულ პერსპექტივას ჩამოართმევენ. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ურთიერთობის გარკვევა, ამის თაობაზე „რია ნოვოსტის" მიმომხილველი წერს.

სამ ასოზე

პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინა დასახრჩობად განწირულ ადამიანს შეადარა, რომელიც თავის მაშველებს ფსკერისკენ ექაჩება. „შეიძლება თუ არა, რომ გავნაწყენდეთ? რა თქმა უნდა. აღშფოთებაც კი შეიძლება", - განაცხადა დუდამ. და დასძინა: პოლონეთი აპირებს, დაიცვას თავი „დასახრჩობად განწირულისგან“.
ამავე ტრიბუნიდან ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმით, რომ ზოგიერთები ევროპის „პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობენ და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევენ".
მისი აზრით, ასეთები რუსეთს უნებლიედ ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ნათელი იყო, ვის გულისხმობდა ის, ვარშავის წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა დააზუსტა: „იმედი მაქვს, ჩვენ არ ვიგულისხმებით".
გენერალური ასამბლეის სივრცეში ზელენსკი და დუდა ერთმანეთს არ შეხვედრიან. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „ორგანიზაციული შეუსაბამობის გამო".
ამასობაში, სანამ ისინი ნიუ-იორკში სიტყვით გამოდიოდნენ, კიევში, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკამ პოლონური ხახვის, პომიდვრის, კომბოსტოსა და ვაშლის ემბარგოს შესახებ განაცხადა. ეს უკრაინული მარცვლეულის, ფქვილისა და მარცვლეულის ღერღილის იმპორტის აკრძალვის პასუხია.
„უკრაინის ქმედებები ჩვენზე შთაბეჭდილებას არ ახდენს", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საკითხთა მინისტრი შიმონ შინკოვსკი მომხდარს. ვარშაველმა ექსპერტებმა უკრაინულ მარცვლეულში მალევე აღმოაჩინეს სალმონელა, პესტიციდები და მიოტოქსინები. როგორც მთავარი ვეტერინარი აცხადებს, მავნე ნივთიერებები იანვრიდან მაისამდე პერიოდში უკრაინიდან შეტანილი პროდუქტების 35%-ში აღმოაჩინეს.

დაწევაზე თამაში

შინკოვსკის თქმით, პოლონეთი მზად არის შეასუსტოს კიევის მხარდაჭერა. ამას საზოგადოება მოითხოვს, როგორც ეს გამოკითხვებმა აჩვენა. ვარშავის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები „უკრაინელი ლტოლვილების, მიგრანტების სოციალური აღქმა და პოლონეთის სახელმწიფოს ქმედებები". აღმოჩნდა, რომ მაისში, იანვარტან შედაებით, 13 პროცენტით ნაკლები რესპონდენტი იყო უკრაინელების მიმართ კეთილგანწყობილი. ბევრი ფიქრობს, რომ დევნილები მათ სამსახურებს ართმევენ.
პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკვე განაცხადა იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრია საჭირო, ანუ უნდა მოდერნიზდეს პოლონეთის არმია, რათა ის ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი გახდესო.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ვარშავა არ დათანხმდება კიევის ევროინტეგრაციას მანამ, სანამ კიევი მარცვლეულის ემბარგოს არ დათანხმდება. მისი აზრით, ეს მისაღები დათმობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

რა სურთ ქვეყნებს

უკრაინული და პოლონური მედია არ ჩამორჩება პოლიტიკოსებს. გამოცემა Do Rzeczy აღწერს, თუ როგორ უნდა მოიქცეს კიევი, რომ ვარშავა კმაყოფილი იყოს. პირველ რიგში, ევროკავშირში უკრაინა უნდა დაეყრდნოს პოლონეთს და არა საფრანგეთსა და გერმანიას. მეორე, უარი უნდა თქვას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სასამართლოში საჩივრის შეტანაზე. გარდა ამისა, უნდა გადახედოს სტეფან ბანდერის მიმართ დამოკიდებულებას.
საერთო ჯამში, Do Rzeczy მიიჩნევს, რომ პოლონელებმა უკვე საკმარისი დახმარება გაუწიეს უკრაინას და აქვთ უფლება, დათმობები მოითხოვონ. სხვაგვარად კიევის ხელისუფლებაში შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მათ ყოველთვის და ყოველგვარი პირობების გარეშე დაუჭერენ მხარს.
იულიუს მეროშევსკის სახელობის დიალოგის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკაშ ადამსკიმ „უკრაინსკაია პრავდას“ სტატიაში აღნიშნა, რომ კიევში ვერ აცნობიერებენ იმ დახმარების მასშტაბებს, რომელსაც პოლონეთის მთავრობა უწევს შიდაპოლიტიკური დანაკარგების მიუხედავად. მან ასევე გაიხსენა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, აღიაროს უკრაინის ამბოხებულთა არმიის პასუხისმგებლობა ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზე.
ადამსკიმ აღნიშნა, რომ პოლონური საზოგადოება უკვე გონს მოეგო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამოწვეული შოკის შემდეგ. შესაბამისად, უანგარო მხარდაჭერის მზადყოფნა შემცირდა. არგუმენტი „თქვენ გვეხმარებით, რათა ჩვენ დაგიცვათ" — აღარ მუშაობს.
ამის საპასუხოდ, „უკრაინსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ამბოხებულთა არმიის დაგმობაზე საუბარიც არ შეიძლება, პოლონელებმა კი უნდა პატივი სცენ უკრაინელი პატრიოტების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა შინსახკომთან ბრძოლაში დაიღუპნენ. გარდა ამისა, თუ ვარშავაში უფრო პრაგმატული ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან, მაშინ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ კიევი თავის ფერმერებს იცავს.

მუდმივი არაფერია

დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი შეიძლება საკმაოდ შორს წავიდეს, მაგრამ ეს დაკავშირებულია ძირითადად პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებთან.
„უკრაინული მარცვლეული, რომელიც პოლონეთის ბაზარზე მოხვდა, მმართველი პარტიის ამომრჩევლის ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს, რომელთა დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს. გარდა ამისა, ლტოლვილების ნაკადის გამო, შრომის ბაზარზე სიტუაცია გამწვავდა. პირველ რიგში, ეს ქალაქების პრობლემაა. შესაბამისად, ხელისუფლება კიევის კრიტიკით პოპულარობას იძენს", — ამბობს ექსპერტი.
რუსეთის მთავრობის ფინანსური უნივერსიტეტის ანალიტიკოსი დენის დენისოვი დასძენს: „ვარშავაში ბევრი პოლიტიკოსი უკრაინის ზოგიერთ რაიონს უკანონოდ ჩამოჭრილ პოლონურ ტერიტორიად მიიჩნევს. გარდა ამისა, ორმხრივი ურთიერთობების მთელი ისტორია მტკივნეული წერტილებითაა სავსე. უკრაინელები მუდმივად ომობდნენ პოლონელებთან".
როგორც ექსპერტები ამბობენ, არჩევნების შემდეგ მხარეები ისე მოიქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა. ერთი საქმეა მათი გარჩევები, სულ სხვაა დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირება, რომელშიც უკრაინა საკვანძო როლს ასრულებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე