თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსის (IWSC) შორტ-ლისტში შევიდა წითელი ღვინის მწარმოებელთა კატეგორიაში, ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართული კომპანიის გარდა, პრესტიჟული ჯილდოს პრეტენდენტია კიდევ ექვსი კომპანია. აქედან ორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდანაა, ხოლო დანარჩენები – ახალი ზელანდიიდან, არგენტინიდან, იტალიიდან და ავსტრალიიდან.
გამარჯვებულ კომპანიას აირჩევს სპეციალურად მიწვეული ჟიური, რომელიც ამავე დროს დაეყრდნობა კომპანიების მიერ წარდგენილ ინფორმაციას და ჯილდოებს, რომლებიც მათ 2023 წელს მიიღეს. გამარჯვებულებს 2023 წლის 19 ოქტომბერს გამოაცხადებენ.
IWSC-ს კონკურსში, წითელი ღვინის მწარმოებელი კომპანიების გარდა, მონაწილეობენ ტკბილი, ცქრიალა, თეთრი და სხვა სახის ღვინის მწარმოებელი კომპანიები.
„თელავის ღვინის მარანი“ სიაში მოხვედრილი ერთადერთი ქართული კომპანიაა.
International Wine & Spirit Competition (IWSC) – ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული საერთაშორისო კონკურსია. 1969 წელს ლონდონში დაფუძნებული კონკურსი ხარისხის უმაღლეს სტანდარტს ადგენს და მთავარ მიზნად ისახავს პლანეტის საუკეთესო ღვინოების მხარდაჭერასა და პოპულარიზაციას.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება. 2017 წელს უცხოელმა სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.