თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. დაგეგმილი ვიდეოგადაღების გამო 23-24 სექტემბერს ვახტანგ კოკეტიშვილის ქუჩაზე, ასევე ვაშლოვანისა და ბესიკის ქუჩების ნაწილზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
კერძოდ, ვახტანგ კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩის ნაწილზე (დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და ბესიკის ქუჩის კვეთიდან ბესიკის ქუჩისა და კირილე უკლებას ქუჩის კვეთამდე) საგზაო მოძრაობა 23 სექტემბრის 00:06-დან 14:00 საათამდე შეიზღუდება.
დანიელ ჭონქაძის ქუჩის, მთაწმინდის შესახვევისა და ბესიკის მოედნიდან კოტეტიშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კირილე უკლებას, ნიაღვრისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით. ბესიკის მოედნისა და მთაწმინდის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი კი ბესიკის გასასვლელისა და დიმიტრი ყიფიანის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
რაც შეეხება ვაშლოვანის ქუჩას, მოძრაობა 24 სექტემბრის 00:06-დან 18:00 საათამდე პიერ კობახიძის ქუჩიდან ახვლედიანის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება.
უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩის მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ პიერ კობახიძისა და ია ეკალაძის ქუჩების გამოყენებით, ხოლო გიორგი ახვლედიანის ქუჩიდან მერაბ კოსტავას მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება რომან მიმინოშვილის ქუჩის საშუალებით.