თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ევროპული კავშირი გაზის მიწოდების საკითხზე აზერბაიჯანთან თანამშრომლობას განაგრძობს და ვარაუდობს, რომ 2022 წლის მოცულობას – 11,3 მილიარდ კუბურ მეტრს 2027 წლისთვის 20 მილიარდამდე გაზრდის, განაცხადა ბრიუსელში ბრიფინგზე ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ, იუწყება Sputnik–აზერბაიჯანი.
„აზერბაიჯანთან ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმი გვაქვს, რათა გაიზარდოს გაზის მოწოდება და გამტკიცდეს ენერგეტიკული თანამშრომლობა“, – განაცხადა მან.
მაკფის თქმით, აზერბაიჯანმა 2021 წელს ევროკავშირს 8,1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიაწოდა. ეს რაოდენობა 2022 წელს 11,3 მილიარდამდე გაიზარდა.
„ახლა მიზანია, რომ, მემორანდუმის შესაბამისად, 2027 წლისთვის გაზის მოწოდება ყოველწლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს“, – განაცხადა მაკფიმ.
აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარ–აგვისტოში ექსპორტზე 15,8 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 9%–ით მეტია. ექსპორტზე გატანილი გაზიდან ევროპაზე მოდის 7,6 მლრდ კუბომეტრი, ანუ 48%.