თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი უფლებამოსილების აღსრულებას ოფიციალურად შეუდგა, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.
ლესლი ლაჰმი, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე შეინ როზენტალი შეცვალა, მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის რანგში საქართველოში ADB-ს ოპერაციებს უხელმძღვანელებს და მთავრობასთან, განვითარების პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ბანკის თანამშრომლობას გაუძღვება.
„აზიის განვითარების ბანკი აგრძელებს ტრანსფორმაციული ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა დარგსა და პრიორიტეტულ რეფორმაში საქართველოს განვითარების ამბიციური დღის წესრიგის განსახორციელებლად", – განაცხადა ლესლი ლაჰმმა.
მის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ADB-ს საქართველოსთან თანამშრომლობის 2024-2028 წლების სტრატეგიის მომზადების ზედამხედველობა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია საქართველოს მხარდაჭერას მრავალმხრივი, სტაბილური და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარებისთვის მომავალშიც განაგრძობს.
ლესლი ლაჰმი აშშ-ის მოქალაქეა და 30-წლიანი პროფესიული კარიერიდან 20 წელი ADB-ში აქვს გატარებული. იგი ბანკს 2002 წელს შეუერთდა და არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. ლაჰმი საქართველოში დანიშვნამდე ADB-ს ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, სადაც ბანკის განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის დახმარების მოზიდვით იყო დაკავებული.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 3,9 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.