კობახიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდება ზეწოლაა პრეზიდენტის მხრიდან

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნათია თურნავამ ვერ შეძლო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მისამართით გადადგომის მოწოდება ზეწოლაა და არ შედის სახელმწიფოს მეთაურის კომპეტენციაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
ზურაბიშვილმა თურნავას გადადგომისკენ მოუწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა. შედეგად, ოთხშაბათს თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე პრეზიდენტის მრჩეველმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ფარცხალაძე რუს-ქართველი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის "დამღუპველ გავლენას" ავრცელებდა საქართველოზე.

„როდესაც გამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პირდაპირ ითხოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და ეროვნული ბანკის საბჭოდან გასვლას, ეს არის სწორედ ზეწოლა", – განაცხადა კობახიძემ.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თურნავამ ვერ შეძლო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა, პირიქით, ეს პრინციპი დააზარალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" კი რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება ყოფილა ზეწოლა, ეს ხომ აბსურდია! სამართლებრივად აფასებ, ნებისმიერი, მთავრობის აქტიც შეგიძლია შეაფასო სამართლებრივად, პარლამენტის აქტი და ეროვნული ბანკის, აუდიტორის და ყველასი, ეს რანაირად არის ზეწოლა?!" – განაცხადა მან.
ვინ დგას ყოფილი მთავარი პროკურორის წინააღმდეგ სანქციების დაწესების უკან? მდინარაძის პასუხი>>
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.
შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სუსი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება: პაპუაშვილი ყოფილი გენპროკურორის სანქცირებაზე>>
გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა "საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან".
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა აშშ-ის მიერ დაწესებული ამ სანქციების უსაფუძვლობა დაამტკიცოს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.