შემოდგომის რაციონი: რა უნდა მიირთვათ ვირუსებთან და დეპრესიასთან გასამკლავებლად

Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. შემოდგომის დადგომის კვალდაკვალ ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა ეცემა, ამიტომ ადამიანებს ორი ამოცანა აქვთ: დაიცვან თავი გაციებისა და სხვა დაავადებებისგან და გაიუმჯობესონ განწყობა, ამის მისაღწევად კი საუკეთესო გზა სწორად დაბალანსებული კვებაა, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, შემოდგომაზე ორგანიზმი გადაწყობას იწყებს და ამიტომ მას განსაკუთრებით ესაჭიროება ვიტამინები. იმისათვის, რომ ცივი და ვირუსებით „მდიდარი“ ზამთარი გადაიტანოს, ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების სერიოზული მარაგი ესაჭიროება. შემოდგომა კი საუკეთესო დროა ვიტამინების დეფიციტის ბუნებრივი გზით შესავსებად.
როგორც ნუტრიციოლოგი ანა ფონ დერ ფლიტი ამბობს, შემოდგომაზე მთავარი − რაციონში ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვნებაა.

„თითოეული პროდუქტი შეიცავს იმას, რაც სხვა პროდუქტებში არ არის. ასე რომ, რაც უფრო მეტი ფორმისა და ფერის პროდუქტი იქნება თქვენს რაციონში, მით უკეთესი“, − განმარტავს სპეციალისტი.

მაკრო- და მიკრონუტრიენტების გარდა, ხილი და ბოსტნეული შეიცავს უჯრედისს − ჩვენი კვების მნიშვნელოვან ელემენტს. მისი სარგებელი ისაა, რომ:
ანელებს ნუტრიენტების შეწოვას, რითაც სიმაძღრის შეგრძნებას ახანგრძლივებს და ადამიანს მადის, შესაბამისად კი წონის კონტროლში ეხმარება;
დადებითად მოქმედებს სისხლში გლუკოზის დონის რყევაზე;
ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას;
ასრულებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დამლაგებლის როლს, ანუ წმენდს მას;
კვებავს მსხვილ ნაწლავში ბინადარ „მეგობარ“ ბაქტერიებს.
ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ შემოდგომის ხილი და ბოსტნეული ბევრად უფრო მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, ვიდრე საგაზაფხულო. მაგალითად, ოქტომბერში მოყვანილი ბროკოლი უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე გაზაფხულზე გაზრდილი.

ყველაზე სასარგებლო შემოდგომაზე

ანა ფონ დერ ფლიტმა რამდენიმე პროდუქტი ჩამოთვალა, რომლებიც დიდ სარგებელს მოუტანს ორგანიზმს და ვიტამინ-მინერალებით მოამარაგებს მას ზამთართან გასამკლავებლად.
მისი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
გოგრა − რომელიც უიშვიათეს ვიტამინ T-ს შეიცავს
ვაშლი
ცერეცო
ბროწეული
ბროკოლი
მსხალი
ქლიავი
ჭარხალი
სტაფილო
კომბოსტო
კარტოფილი.
გარდა ამისა, აუცილებელია კენკროვანი ხილი, განსაკუთრებით ძახველი.
ძახველი უძველესი სამკურნალო საშუალებაა, რომელიც დღესაც ფართოდ გამოიყენება. ეს ნაყოფი ცნობილია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ის აძლიერებს იმუნიტეტს, შესანიშნავად იცავს ორგანიზმს გაციებისგან და ეხმარება მას გამოჯანმრთელებაში, არეგულირებს არტერიულ წნევას.
ის განსაკუთრებით ფასეულია ვეგეტარიანელებისთვის, რადგან იმ აუცილებელ ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც ხორცში გვხვდება.
გარდა ამისა, ნუტრიციოლოგი გირჩევთ, მიირთვათ ლეღვი, რომელიც შესანიშნავად ებრძვის ვირუსულ ინფექციებსა და ბრონქიტს, მიიჩნევა ანემიის საწინააღმდეგო საშუალებად, აქრობს ღრძილების ანთებას.
რაც შეეხება შემოდგომის დეპრესიას, მასთან გამკლავებაში ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ: ჭარხალი, მწვანე ბულგარული წიწაკა, ისპანახი, სალათის ფურცლები, ბანანი, ავოკადო, ფინიკი, თხილი და კაკალი.
ნუტრიციოლოგის თქმით, ყველა ეს პროდუქტი ორგანიზმში „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც საუკეთესო წამალია განწყობის გასაუმჯობესებლად.