თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ქვეყანაში გადატრიალების მომზადების შესახებ უკიდურესად საგანგაშოა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დავუშვათ პროვოკაციები და რევოლუციური სცენარის განვითარება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სუსის მონაცემებით, საქართველოში იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნულია, რომ არეულობები იგეგმება უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
„ისინი (ოპოზიცია) საჯაროდ აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს რევოლუციურ გეგმებთან დაკავშირებით, მაგრამ უკიდურესად შემაშფოთებელია ამ გეგმების თვითონ ფორმა, შინაარსი. საუბარი იყო უმძიმეს პროვოკაციებზე, მათ შორის ადამიანების სიცოცხლეს ეხებოდა საქმე – აფეთქება, იარაღის გამოყენება და ა.შ. რა თქმა უნდა, მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რათა ასეთი პროვოკაციები და სცენარი თავიდან იყოს აცილებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აგრეთვე ნათქვამია, რომ არეულობის ორგანიზატორები გეგმავდნენ ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობას და ერთ-ერთი კარავში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას, შემდეგ კი აფეთქების განხორციელებას, რის შედეგადაც დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ასევე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
გეგმის ერთ-ერთი ავტორია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.