თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლის მდგომარეობა, რომელიც ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობაშია ბრალდებული, უკიდურესად მძიმეა, აღნიშნა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგმა ივანე აივაზაშვილმა.
შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა პისტოლეტიდან ესროლა თავის ყოფილ მეუღლესა და სიდედრს და ამის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, ორმაგი მკვლელობა ორი არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოხდა. ისინი 13 და 15 წლის არიან.
„შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში, გამჭოლი ჭრილობით თავის არეში. ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია“, – განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს.
გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
მკვლელობის საქმეში ფიგურირებს ერთი მოწმე, რომელიც, მასმედიის ინფორმაციით, ინციდენტის დროს საპირფარეშოში იმყოფებოდა.