პოლიციელმა თბილისში ორი ქალი მოკლა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

შემთხვევას შეესწრნენ დაღუპული ქალის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი, განაცხადა სპეცსამსახურის წარმომადგენელმა.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ესროლა თავის ყოფილ ცოლსა და სიდედრს, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა თავის არეში გასროლით, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა ბაჩანა კვარაცხელიამ.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ღამით დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ბრალდებულმა პისტოლეტით მოკლა თავისი ყოფილი მეუღლე და სიდედრი, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედებები. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით“, – განაცხადა კვარაცხელიამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, შემთხვევას დაღუპულის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი შეესწრნენ.