მსოფლიო დღეს

NYT: კონსტანტინოვკაში, სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტა აფეთქდა

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ამერიკულმა გაზეთმა New York Times-მა კონსტანტინოვკაში მომხდარი ტრაგედიის გამოძიება ჩაატარა და დაასკვნა, რომ ბაზრობაზე თავდასხმა, რა დროსაც ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ, უკრაინის არმიამ განახორციელა, წერს გამოცემა.
უკრაინული არმიის მიერ კონტროლირებად კონსტანტინოვკაში მდებარე ბაზარში რაკეტა 6 სექტემბერს ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 16 და დაიჭრა 33 ადამიანი.

„NYT-ის მიერ შეგროვებული და გაანალიზებული მტკიცებულებები, მათ შორის რაკეტის ფრაგმენტები, სატელიტური ფოტოები, თვითმხილველების ჩვენებები და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები დამაჯერებლად მიუთითებს იმაზე, რომ კატასტროფული დარტყმა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „ბუკიდან“ გაშვებულმა და ტრაექტორიადაკარგულმა რაკეტამ გამოიწვია“, — ციტირებს რუსული სააგენტო New York Times-ს.

გამოცემის ცნობით, კიევის ხელისუფლება ცდილობდა არ დაეშვა ჟურნალისტები რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე, თუმცა რეპორტიორებმა მაინც მოახერხეს იქ მოხვედრა, მოწმეების დაკითხვა და ჭურვის ფრაგმენტების შეგროვება.
ამასთან, სარაკეტო დარტყმის წინ სათვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ოთხი ადამიანი ერთდროულად აბრუნებს თავს კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ, საიდანაც მოახლოებული ჭურვის ხმა ესმით.
გარდა ამისა, ვიდეოკადრებში აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩანს ორი გაჩერებული ავტომობილი და მათ თავზე რაკეტის ანარეკლი, რაც ადასტურებს, რომ რაკეტა ჩრდილო-დასავლეთიდან მოფრინავდა.
იგივე მიმართულება დაადასტურა აფეთქების ექსპერტმაც, რომელმაც წარმოქმნილი ორმო და დაზიანებები შეისწავლა.
ადგილობრივებმა NYT-ს განუცხადეს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ორი საზენიტო რაკეტა გაუშვეს ქალაქ დრუჟკოვკიდან, რომელთა ხმაც იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც გაიგონეს. ამის შესახებ ადგილობრივები სოციალურ ქსელებშიც წერდნენ. რაკეტების გაშვების დრო შეესაბამება კონსტანტინოვკის ბაზარზე დარტყმის დროს.
გარდა ამისა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა NYT-ს განუცხადა, რომ რაკეტები ქალაქის გარეუბნიდან გაუშვეს, რომელსაც სამხედროები რეგულარულად იყენებენ. გამოცემის ჟურნალისტები ადგილზე მივიდნენ და საკუთარი თვალით იხილეს ნიშნები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჯარების იქ ყოფნას ადასტურებდა.
გამოცემა მივიდა დასკვნამდე, რომ დარტყმის ადგილზე ნაპოვნი ხვრელებისა და ფრაგმენტების ფორმები და ზომები რაკეტა 9М38-ს შეესაბამება, რომელიც საზენიტო სისტემა „ბუკიდან“ გაიშვება.
NYT გამოძიების შეჯამებისას აღნიშნავს, რომ უცნობია, რატომ ჩამოვარდა რაკეტა კონსტანტინოვკაში. შესაძლოა, ეს რაიმე ტიპის გაუმართაობის ბრალი იყოს, რის გამოც ის მანამ ჩამოვარდა, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევდა. ასეთი მცირე, 16 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე რაკეტამ, სავარაუდოდ, მხოლოდ საწვავის მცირე ნაწილი მოიხმარა, დანარჩენი კი დარტყმისას აფეთქდა. სავარაუდოდ, ამით აიხსნება კიდეც ბაზრობაზე მომხდარი ძლიერი ხანძარი.