მსოფლიო დღეს

აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო: თავდაცვის უწყების განცხადება

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანმა „რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“ რეგიონში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო, ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აკონკრეტებენ, ღონისძიებების მიზანია: სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველყოფა, ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაცია, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გამოიყენება მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები.

„სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა, ჩვენი ტერიტორიების დანაღმვის გაგრძელება, საბრძოლო პოზიციების საინჟინრო გაუმჯობესებისთვის სამუშაოების ჩატარება, ასევე ბოლო თვეების განმავლობაში თხრილებისა და ბლინდაჟების რაოდენობის გაზრდა დაძაბულობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზეზი გახდა", — ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სომხეთის მხრიდან შეინიშნება საბრძოლო პოზიციების გაძლიერება პირადი შემადგენლობით, ჯავშანტექნიკით, საარტილერიო დანადგარებითა და სხვა ცეცხლსასროლი საშუალებებით, ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, დამატებითი სამობილიზაციო ნაწილების შექმნა, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის გაფართოება, მისი პოზიციების სიღრმეში შეღწევა დივერსიულ-ტერორისტული მიზნებისათვის დანაღმული ტერიტორიებისა და სამოქალაქო დანიშნულების გზების განმეორებითი დანაღმვის მიზნით.
უწყებაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტები სომხეთის მიზანმიმართული და დაგეგმილი ტერორისტული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტარდება.

„აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში სომხეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების ყოფნის გაგრძელება, რაც 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი განცხადების დებულებებს არღვევს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის სერიოზული საფრთხის წყაროა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები ჩვენი სამიზნე არ არის, მწყობრიდან მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები გამოგვყავს", – ნათქვამია განცხადებაში.

დაწყებული ღონისძიებების თაობაზე ეცნობა რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობას და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობას.