ვატიკანის არქივში საქართველოს შესახებ უნიკალური დოკუმენტები აღმოაჩინეს

მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვატიკანის არქივებში დაცულია ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტები.
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ვატიკანის Propaganda Fide-ს შენობაში XVII-XIX საუკუნეების თარგმანები, პირადი და ოფიციალური წერილები და სხვა დოკუმენტური მასალები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესწავლილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
Propaganda Fide-ს შენობა იყო პაპის საქალაქო კოლეჯის პირველი რეზიდენცია კათოლიკე მისიონერების განათლებისთვის, ხოლო მანამდე ის წარმოადგენდა რწმენის გავრცელების წმინდა კონგრეგაციის (Propaganda Fide) რეზიდენციას, რომელიც 1622 წელს დაარსდა. აქ ბევრი უნიკალური მასალა ინახება, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. შესაბამისად, მეცნიერებს აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და ვატიკანის მუზეუმების საცავებში.
მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ვატიკანის არქივებში დაცულია ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ზოგიერთი მკვლევარი არ გამორიცხავს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც ასევე ვატიკანში ინახება, პოეტ ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოც აღმოჩნდეს.

„ჩვენ მეტ-ნაკლებად გვაქვს მონაცემები დიდი (ისტორიული - რედ.) მოვლენების შესახებ, მაგრამ ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ისინი. სწორედ ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების უმეტესობა ინახება ამ არქივში. აქ ვხვდებით ერეკლე მეორის, სოლომონ მეორის, სხვა ისტორიული პირების წერილებს", – განაცხადა მკვლევარმა და მთარგმნელმა თათია მთვარელიძემ.

885 კმ საერთო სიგრძის თაროები, 35 ათასი ტომი, დაახლოებით 2 მილიონი წიგნი და 150 ათასი ხელნაწერი – დოკუმენტების შესწავლას რამდენიმე წელი დასჭირდება, აცხადებენ მკვლევარები.
როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, მეცნიერები Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცულ ქართულ და საქართველოსთან დაკავშირებულ ჯერ კიდევ შეუსწავლელ წყაროებზე იმუშავებენ. აღნიშნული საარქივო მასალა უცნობია სამეცნიერო საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მათი აღნუსხვა და სისტემატიზაცია ხელს შეუწყობს ახალი ცოდნის შექმნას, აღნიშნეს სამინისტროში.
საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს.