თბილისის მერია: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 30 ნოემბრის ჩათვლით გარკვეული პერიოდულობით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ძლიერი წვიმების შედეგად ქვათაცვენა ამირეჯიბის გზატკეცილის მოსაზღვრე კლდოვანი ფერდიდან 14 აგვისტოს დაფიქსირდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
„მიმდინარე სამუშაოების გამო 20 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, 23:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.