თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლები ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით არტისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაუქმდა.
ჯონ მალკოვიჩი ფესტივალის ჰედლაინერი უნდა ყოფილიყო.
სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ უნდა გასულიყო 7 და 8 ოქტომბერს, მაგრამ მსახიობს მხედველობის პრობლემების გაუჩნდა და ამიტომ წარმოდგენები გაუქმდა.
„ჯონ მალკოვიჩს თვალის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციები ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ვერ ხედავს. ხედავს სუსტად, მხოლოდ სილუეტებს. მას აკრძალული აქვს ფრენა, ხანგრძლივი მგზავრობა, მკვეთრი მოძრაობა და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს კონსილიუმის მერე გაირკვევა, როდის შეძლებს მგზავრობას და პროფესიაში დაბრუნებას“, – დაწერეს ფესტივალის ორგანიზატორებმა.
აქვე ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსახიობის ჯანმრთელობა სრულად აღდგება, ახალ თარიღზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ვისაც სპექტაკლების ბილეთები აქვს შეძენილი, თანხა ავტომატურად დაუბრუნდება.
წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 22 სექტემბრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თეატრალური დასები პოლონეთიდან, ლატვიიდან, ესპანეთიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
ფესტივალის პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: საერთაშორისო პროგრამა (30 სექტემბერი – 18 ოქტომბერი), ქართული სპექტაკლების პროგრამა (22 სექტემბერი – 27 ოქტომბერი), ასევე მასტერ-კლასები, ტრენინგები, დისკუსიები დარგის პროფესიონალებთან.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის, მისი კულტურისა და მდიდარი შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაციის მიზნით დააფუძნა.
ორი წლის შემდეგ, 2011 წელს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.
უცვლელია ფესტივალის მიზანი – აჩვენოს უცხოელ სტუმრებს საქართველოს თეატრალური პოტენციალი და ქართულ თეატრს სახელი მოუხვეჭოს.