საქართველოში „პარლამენტის არხი“ ამოქმედდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და პარლამენტმა გააფორმეს მემორანდუმი, რომელიც „პარლამენტის არხის“ ამოქმედების კუთხით მხარეებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა. მემორანდუმის თანახმად, განხორციელდება „პარლამენტის არხის“ ამოქმედებისა და ფუნქციონირების ტექნიკურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და დღეიდან საპარლამენტო ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.

„დღეს საპარლამენტო არხის გახსნით პარლამენტის საქმიანობაზე პირდაპირი საზოგადოებრივი კონტროლი კიდევ უფრო უმჯობესდება. პოლიტიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივად შეძლონ ჩვენი საპარლამენტო ცხოვრების პერიპეტიებში გარკვევა და სათანადო დასკვნების უშუალო დაკვირვებით გამოტანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომა ჰაერივით აუცილებელია. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოში მედიაგარემო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები მუდმივად უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ადიოდეს.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტები და საზოგადოებრივი მაუწყებლები განსხვავებული ფორმით თანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ საკანონმდებლო ორგანოს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას, ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

„უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარი თანამშრომლობა შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვან და აუდიტორიისთვის აქტუალურ საკითხებზე პირველწყაროდან ინფორმაციის პირდაპირ რეჟიმში მიღებას“, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.

მემორანდუმი გულისხმობს რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებების ტრანსლაციას, რომლის შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე პასუხისმგებელია პარლამენტი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას.
საზოგადოებრივი მაუწყებელი „პარლამენტის არხის“ ფუნქციონირების ტექნიკურ უზრუნველყოფას უსასყიდლოდ განახორციელებს.