თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით საკითხის შესწავლისას კომპანია „მოდუსის“ მიერ დარღვევის ფაქტი დაადგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, სააგენტომ სამშენებლო და სარემონტო მასალებით ვაჭრობის სექტორში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტზე კომპანია „მოდუსის“ მიმართ საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მოდუსმა“ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულებები დაარღვია.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანია „მოდუსს“ დაევალა:
1 თვის ვადაში საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
სავაჭრო ობიექტებსა და ვებ-გვერდზე www.modus.ge ქართულ ენაზე მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, მათ შორის, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ.
შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი. ასევე მკაფიოდ ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი საგარანტიო პირობები.
სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით უწყებაში 360 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო.
10 თვის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე 64 შეთანხმება გააფორმა. ამ დროისათვის 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.
ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.
სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს 15 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა.
წყარო - კონკურენციის ეროვნული სააგენტო