თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. უკრაინამ კონტრშეტევის დროს ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგა, მაგრამ ფრონტზე არსებითი წინსვლა ვერ მოახერხა, მიაჩნია ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს.
„ამდენი სიკვდილი და ასე მცირე შედეგი“, − ასეთი კომენტარი გააკეთა მასკმა ბიზნესმენ დევიდ საქსის პოსტზე, რომელშიც უკრაინის წარუმატებელ კონტრშეტევაზე იყო საუბარი.
ბოლო დროს ილონ მასკი კრიტიკის ობიექტი გახდა იმის გამო, რომ ყირიმის ტერიტორიის ფარგლებში Starlink-ის მუშაობის შეზღუდვის განკარგულება გასცა და ამით უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმა ჩაშალა.
ბიოგრაფიულ წიგნში, რომლის გაყიდვა გასულ კვირაში დაიწყო, ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება მილიარდერმა იმის გამო მიიღო, რომ არ სურდა SpaceX-ის ჩართვა „ომის დიდ აქტში".
მოგვიანებით თავად მასკმა Starlink-ის ჩართვაზე უარის თქმის მიზეზად ამერიკული სანქციები დაასახელა, რომლებიც ყირიმზეც ვრცელდება.
როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, უკვე მეოთხე თვეა, რაც უკრაინის სამხედრო ძალები კონტრშეტევას აწარმოებენ სამხრეთ დონეცკის, არტიომოვსკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით. ბრძოლაში ნატოს მიერ მომზადებული და დასავლური სამხედრო ტექნიკით შეიარაღებული ბრიგადები მონაწილეობენ, მაგრამ, როგორც რუსული მხარე იუწყება, უკრაინელებმა ფრონტის ვერცერთ მონაკვეთზე ვერ მიაღწიეს წარმატებას. ამასთან უკრაინული არმიის დანაკარგებმა უკვე გადააჭარბა 70 ათას ადამიანს და 18 ათას ერთეულ ტექნიკას.