მსოფლიო დღეს

ჩაიწერა კონსტიტუციაში: დასახელდა სახელმწიფო, რომელიც გაქრობის შემთხვევაშიც კი იარსებებს

Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. ტუვალუს სახელმწიფო არსებობას იმ შემთხვევაშიც განაგრძობს, თუ მის მთელ ტერიტორიას წყნარი ოკეანე დაფარავს წყლის დონის ზრდის გამო, ნათქვამია საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ მიიღეს.
როგორც კანონის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სახელმწიფო ტუვალუ მუდამ იარსებებს, მიუხედავად კლიმატის ცვლილებების ან სხვა ფაქტორების შედეგებისა, რომელსაც მისი ფიზიკური ტერიტორიის დაკარგვა მოჰყვება.

„ეს ტუვალუს მომავლისათვის მზადყოფნის კუთხით ჩვენი ძალისხმევების ნაწილია, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ის, რაც ფიზიკურად არსებობს. ეს ჩვენი კულტურაა, ჩვენი ისტორიაა, ეს ტუვალუს ხალხის სულია, ანუ არის ის, რისი განადგურებაც შეუძლებელია“, − განაცხადა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელმა საიმონ კოფიმ.

ტუვალუ − სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში. განლაგებულია 5 ატოლსა და 4 კუნძულზე. ქვეყნის ხმელეთის საერთო ფართობი 26 კმ²-ია და ამ მხრივ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე პატარა ქვეყანაა. ფართობით ის მხოლოდ ვატიკანს (0,44 კმ²), მონაკოსა (1,95 კმ²) და ნაურუს (21 კმ²) აღემატება.
მიიჩნევა, რომ ტუვალუ არის პირველი ქვეყანა, რომელიც წყნარ ოკეანეში წყლის დონის აწევის გამო ჩაიძირება. ამ დროისათვის ტუვალუს ატოლები ზღვის დონიდან სულ რაღაც 50 სანტიმეტრის სიმაღლეზეა განლაგებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, თუ გლობალური დათბობის ამჟამინდელი ტენდენცია შენარჩუნდება, 2100 წლისთვის ტუვალუს 95% წყალში აღმოჩნდება.
წყარო: ABC