თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უშიშროების საბჭოს გაფართოების თემას წამოწევს რუსეთისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, განაცხადა სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ The Telegraph-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ბაიდენი გაეროს წევრ 193 ქვეყანას გაეროს უშიშროების საბჭოს არქიტექტურის გადახედვას სთხოვს.
„ვფიქრობ (და თქვენ ამას მოისმენთ), რომ პრეზიდენტი ბაიდენი უფრო მეტს ისაუბრებს. მიგვაჩნია, რომ დადგა გაეროს უშიშროების საბჭოს არქიტექტურის შეფასების დრო. ვფიქრობთ, რომ ის უფრო ინკლუზიური და ყოვლისმომცველი უნდა იყოს“, − აღნიშნა კირბიმ.
შეკითხვაზე, რაში გამოიხატება ეს ცვლილებები, კირბიმ უპასუხა, რომ, მისი აზრით, პრეზიდენტი ბაიდენი უშიშროების საბჭოში „უფრო მეტი წევრის არსებობას დაუჭერს მხარს“.
როგორც გამოცემა Telegraph წერს, ბოლო წლებში უშიშროების საბჭო „მთელი ძალით“ ცდილობდა მიეღწია შეთანხმებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორებიცაა ჩრდილოეთ კორეა და სირია. 2022 წლის მაისში საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ფხენიანის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებდა ბალისტიკური რაკეტების გაშვების გამო. მაშინ რეზოლუციას უშიშროების საბჭოს ცამეტმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თუმცა რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი წავიდნენ.
გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სესიის კვირეული 19-26 სექტემბერსაა დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სესიაზე სიტყვით 19 სექტემბერს გამოვა.
გაეროს უშიშროების საბჭო — გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელსაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. იგი უფლებამოსილია, იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით, რომლებიც ვალდებული არიან, დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების, ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის ძალის გამოყენების უფლებასაც იძლევა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან ხუთი − აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და ჩინეთი მუდმივი წევრია, დანარჩენი 10 კი ყოველ მეორე წელს ირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. საკითხებზე საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით, გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას რომელიმე ერთი წევრიც კი არ უჭერს მხარს.
წყარო: The Telegraph