ფილმები ქართველ მუჰაჯირებზე და ფეხით შემოვლილი ტაო-კლარჯეთი

ანზორ ქათამაძის ფილმებს ბევრი ჯილდო აქვს მიღებული.
Sputnik
„სამშობლო ჩემთვის ყველაფერია: ეს ცა, ეს მიწა, ჩვენი ენა, ტრადიცია, ურთიერთობა, ზღვა სიყვარული და სითბო იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ მადლიან მიწაზე ცხოვრობს და რასაც სხვაგან ვერსად იპოვი“ - გვითხრა რეჟისორმა ანზორ ქათამაძემ, რომელსაც განსხვავებული თემატიკის ფილმები აქვს გადაღებული საქართველოს ყველა კუთხეში – საინგილოსა და ტაო-კლარჯეთში, ქართულ ეთნოგრაფიაზე, ქართველ მსოფლიო ჩემპიონებზე, ეკომიგრანტებზე, მუჰაჯირებზე და სხვ. გარკვეული ფილმების ოპერატორიც, სცენარის ავტორიც და რეჟისორიც თავად იყო. მის ფილმებს ქართული ენის განვითარებისთვის თედო სახოკიას პრემია და ანდრია პირველწოდებულის ჯილდო აქვს მიღებული. 1992 წლიდან აჭარის ტელევიზიის რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი, სცენარის ავტორი და არხის მიმართულების პროდიუსერი იყო, ასევე სატელევიზიო ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი.
სამუშაო პროცესში
- ბატონო ანზორ, გახსოვთ რაზე იყო თქვენი პირველი სიუჟეტი?
- მახსოვს, რადგან ჩემი პირველივე სიუჟეტი წარმატებული აღმოჩნდა და მას შემდეგ ტელევიზია მეორე ოჯახი გახდა. სიუჟეტი საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ საქველმოქმედო აქციის ჩატარებას ეხებოდა. ის დამოუკიდებლად გადავიღე და ამიტომ ტიტრად ჩემი სახელი და გვარი დაედო. ინტერვიუს მხარზე დადებული კამერით ვიწერდი, რადგან მაშინ ტელევიზიაში შტატივი არ იყო და ვახერხებდი იმას, რომ კადრი, ასე ვთქვათ, სტაბილური და ეკრანისთვის მისაღები ყოფილიყო.
ანზორ ქათამაძე
- საერთოდ რეჟისორობის სურვილი როდის გაგიჩნდათ?
- რეჟისორობა ბავშვობიდან მინდოდა, ამის გამო დავინტერესდი ფოტოგრაფიით, რაც ტელევიზიისა და კინოს საფუძველია. შემდეგ ვსწავლობდი ტექნიკურ სასწავლებელში ფოტოხელოვნებას, მისი დასრულების შემდეგ კი ტელე-რადიოტექნიკის საფუძვლებს დავეუფლე. მოგვიანებით სარეჟისორო ფაკულტეტიც დავამთავრე. სანამ აქ მოვიდოდი სამუშაოდ, ტელევიზიამ გამოაცხადა კონკურსი ოპერატორის თანამდებობაზე, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და პირველივე ტურში გავედი.
გადაღების დროს
- თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოყოფდით?
- ძნელია მათგან რომელიმე ნამუშევარი გამოყო და პირველობა მიანიჭო. ჩემი ფილმების ყველა კადრი სამშობლოს სიყვარულითაა გადაღებული. თუმცა მათგან, ალბათ, მაინც გავიხსენებ პროექტს „ჩემი საქართველო“, რომელზე მუშაობის დროსაც, შეიძლება ითქვას, ფეხით შემოვიარე მთელი ტაო-კლარჯეთი და თითქმის ყველა დიდი მართლმადიდებლური ქართული ტაძარი გადავიღე. მაყურებლამდე სათქმელი რომ მიიტანოს, ალბათ რეჟისორს უფრო აქვს ამის საშუალება, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ის იღებს. მას შეუძლია შესწორება სცენარშიც შეიტანოს და გადაღების პროცესშიც. ამის მიუხედავად, ტელევიზიასა და კინოში დიდი მნიშვნელობა აქვს ოპერატორის თვალით დანახულ კადრს, რომელიც ხშირად ოპერატორიცაა და რეჟისორიც.
გადაღების დროს
- რა ჯილდოები აქვს თქვენს ფილმებს მიღებული?
- რელიგიური ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენ მიერ გადაღებული ფილმი „ზარის დაბადება“ ჟიურიმ ფესტივალის საუკეთესო ფილმად აღიარა და მას პრიზი წმინდა ანდრიას ჯვარი მიანიჭა. 2003 წელს ფილმებისთვის „ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“, „სარფი მოლენი“, „მაჭახელი და იალაღობა“, რომლებიც გადავიღე სოსო სტურუასთან ერთად, თედო სახოკიას სახელობის პრემიის ლაურეატობა მოგვენიჭა. 2017 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმებისთვის წლის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება მომანიჭა. 2015 წელს სტამბულის დედაენის ცენტრმა მოაწყო ჩემი ფილმის „დედის ენა ქართული“ პრემიერა და ქართული ენის განვითარებისა და თურქეთში მცხოვრებ ქართველებში ქართული ენის პოპულარიზაციისთვის ჯილდო გადმომცა.
დაჯილდოების დროს
- რომელიმე ფილმიდან გამორჩეულ ეპიზოდს ხომ ვერ გაიხსენებთ?
- მახსენდება ერთი ფილმის გადაღების დროს ისტორიული საქართველოს ერთ-ერთ ქართულ სოფელში ადგილობრივმა გლეხმა, გვარად სარაჯიშვილმა, როგორ გვაჩვენა თავის ეზოში აღმოჩენილი მიწაში დაფლული ქვევრი, რომელსაც მოწიწებით ახადა თავი. ის ქვევრი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო, მაგრამ სამუდამოდ დამამახსოვრდა მისი ცრემლიანი თვალები და სიტყვები – რა იქნება ჩვენი წინაპრები დაბრუნდნენ და გვასწავლონ, როგორ უნდა დავაყენოთ ღვინო ამ ძვირფას ჭურჭელშიო...
ფილმის გადაღების დროს
- ვიცი, რომ მათ ქართული ენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ...
- საქართველოდან გადახვეწილი ქართველები შეიძლება ჩვენზე უფრო მეტად უფრთხილდებიან ქართულ ენას. ენის სიწმინდეზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ და შემდეგ თითოეულმა ქართველმა უნდა იზრუნოს. ენა უნდა განვითარდეს, მაგრამ დაუშვებელია მშობლიურ ენაში უცხო სიტყვების ბრმად შემოტანა. თუ გვინდა, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს, ენას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ნინო მამულაშვილი