უსაფრთხოების სამსახური: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უწყების ცნობით, არეულობა, რომლის მიზანია ქვეყანაში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იმყოფებიან ქართული წარმომავლობის მქონე პირები, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.
აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად მიკრული „პრორუსულობის“ ლოზუნგით შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის", – ნათქვამია განცხადებაში.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.