ღარიბაშვილი გაეროს გენასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა: გაირკვა თარიღი

გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 19 სექტემბერს დაიწყება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარასკევს, 22 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში 16 სექტემბერს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. მთავრობის მეთაური თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს უკვე შეხვდა.
თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები და მომავალში თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები.
ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა - რაზე იმსჯელეს მხარეებმა>>>
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესია ოფიციალურად 5 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ძირითადი ღონისძიებები 19 სექტემბერს დაიწყება, როდესაც გაიხსნება მაღალი დონის კვირეული მთელი მსოფლიოდან ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით.